მძიმე მეტალებია ორგანიზმში და ამის გამო ადამიანი ვერ იღებს საკვებს - გიული ალასანია ნინო ნადირაძეს პასუხობს
საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედა, გიული ალასანია კლინიკა "ვივა მედის" გენერალურ დირექტორს, ნინო ნადირაძეს პასუხობს და აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმში მძიმე მეტალებია, რის გამოც ვერ იღებს საკვებს.
"შეიძლება ქალბატონ ნინოს გამორჩა ის დიაგნოზები და ის განმარტებები, რომელიც ჩვენ მოვისმინეთ სპეციალისტებისგან, მაღალი დონის ექსპერტებისგან, რომლებიც ამბობენ, რომ ადამიანი არის მოწამლული. მძიმე მეტალები ორგანიზმში, რომლებიც ჯერ არ გამოსულა, ამის გამო ადამიანი ვერ იღებს საკვებს და ჭამს იმას, რაც შეუძლია, იმაზე მეტი არ შეუძლია და სხვანაირიც არ შეუძლია.
[საკმარისი კალორაჟი არ არის] ექიმები ამას გვეუბნებიან, მკურნალი ექიმი, არაერთხელ, მართალია, მაგრამ საქმე ის არის, რომ როცა ჩამოთვლიან ხორცი უნდა იყოს, ის უნდა იყოს, ეს ადამიანი ვერ იღებს", - განაცხადა ალასანიამ.
ადვოკატ შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, ამერიკული ლაბორატორიიდან პირდაპირ მოსამართლის სახელზე გამოიგზავნა თმის ნიმუშის მიხედვით გაკეთებული ნივთმტკიცება, რომელიც დღეს განილუქება და დათვალიერდება.
ცნობისთვის, ნინო ნადირაძემ განაცხადა, რომ სააკაშვილის ოჯახის წევრებს მასთან საკვების ის კალორაჟი არ მიაქვთ, რაც მისი გამოჯანმრთელებისთვისაა საჭირო.
მისივე თქმით, 500 - 600 - 700 კალორიის შესაბამისი საკვებით, წონაში კლება იქნება და ამას ვერ შეაჩერებენ.