საჭიროა, ხელისუფლებამ მიიღოს ყველა ზომა, რათა ქვეყნის რეპუტაცია ეფექტიანად იყოს დაცული - რა განცხადებას ავრცელებს სალომე ზურაბიშვილი?
უკვე მერამდენე მიზანმიმართული მცდელობაა პრეზიდენტის განცხადებები არასწორად გაავრცელონ და საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ! - ამის შესახებ განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტის ადმინსიტრაცია ავრცელებს.
როგორც ადმინისტრაციის განცხადებაშია ნათქვამი, საქართველოს პრეზიდენტს, ქვეყანა არათუ არასოდეს დაუდანაშაულებია ამ საკითხში, არამედ პირველია, ვინც საერთაშორისო მასშტაბით, როგორც უმაღლეს თანამდებობის პირებთან, ასევე, უცხოურ და ადგილობრივ მედიასთან იცავდა და იცავს ქვეყნის იმიჯს.
„მას არაერთხელ განუცხადებია, რომ მის ხელთ არსებული ინფორმაციით, არ არსებობს საქართველოს გზით სანქციების თავის არიდების ფაქტი, პირიქით, საქართველოს ფინანსური სექტორი ზედმიწევნით ასრულებს ყველა საერთაშორისო ფინანსურ სანქციას.
დღევანდელ მოცემულებაში, როცა ქვეყნის მიმართ ისმის ბრალდებები, თითქოსდა საქართველოს ტერიტორია გამოყენებულია სანქციებისგან თავის არიდებისთვის, საჭიროა, ხელისუფლებამ მიიღოს ყველა ზომა, რათა ქვეყნის რეპუტაცია ეფექტიანად იყოს დაცული”,- აღნიშნავს პრეზიდენტის ადმინისტაცია განცხადებაში.
ცნობისთვის, CNN-ის ინტერვიუს რამდენიმე დღით ადრე წინ უძღოდა The New York Times-ში გამოქვეყნებული სტატია, სახელწოდებით „როგორ აღწევს დასავლური საქონელი რუსეთში: სატვირთო მანქანების გრძელი რიგი საქართველოს გავლით“. სტატიაში საუბარია, რომ რუსეთმა სწრაფად იპოვა ალტერნატიული გზები იმპორტისთვის და ბოლო 10 თვის განმავლობაში საქართველო მოხერხებულ ლოჯისტიკურ არხად ჩამოყალიბდა.