TIA.GE - ინტერნეტ ტელევიზია
ხვიჩა კვარაცხელია „რომასთან“ ითამაშებს - იტალიური მედია
  • ხვიჩა კვარაცხელია „რომასთან“ ითამაშებს - იტალიური მედია

    ხვიჩა კვარაცხელია, რომელმაც გრიპის გამო „სალერნიტანასთან“ გასვლითი მატჩი გამოტოვა, მოედანზე დასაბრუნებლად მზადაა, – ინფორმაციას იტალიური გამოცემა La Repubblica ავრცელებს.


    ხვიჩამ „იუვენტუსთან“ შესანიშნავი თამაშის შემდეგ, სადაც გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემაც გააკეთა, გრიპის გამო ორი მატჩი გამოტოვა – იტალიის თასზე „კრემონეზესთან“ და ჩემპიონატში „სალერნიტანასთან“. დღეს კი გავრცელდა ინფორმაცია, რომელიც ლუჩანო სპალეტისა და „ნაპოლის“ ფანებს გაახარებს: ქართველი თავდამხსმელი გამოჯანმრთელდა და თითქმის გადაწყვეტილია, რომ „რომას“ წინააღმდეგ მატჩისთვის მზად იქნება.

    „ლუჩანო სპალეტიმ „სალერნიტანასთან“ მოგების შემდეგ ფეხბურთელებს დასვენების საშუალება მისცა. გუნდი საწვრთნელ პროცესს 24 იანვარს განაახლებს. „კასტელ ვოლტურნოში“ („ნაპოლის“ საწვრთნელი ცენტრი) სხვებთან ერთად ხვიჩა კვარაცხელიაც გამოცხადდება, ქართველი თავდამსხმელი სრულად გამოჯანმრთელდა, ის გუნდთან ერთად ივარჯიშებს და კვირას „რომასთან“ თამაშისთვის მზად იქნება.

    სერია A-სა და ჩემპიონთა ლიგის 20 მატჩში კვარაცხელიამ 9 გოლი გაიტანა და 12 საგოლე გადაცემა გააკეთა. გასული წლის ბოლოს, მან ზურგის ტრავმის გამო რამდენიმე თამაში გამოტოვა, მათ შორის საქართველოს ნაკრებშიც“, – წერს გამოცემა La Repubblica.

    სერია A-ს მე-20 ტურის შეხვედრას „ნაპოლი“ 29 იანვარს „რომას“ წინააღმდეგ საკუთარ მოედანზე ჩაატარებს. მატჩი თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.
    მასალის გამოყენების პირობები
    285 ნახვა
    23-01-2023, 19:05