არ არსებობს პატარა მტკიცებულებაც კი, რომ საქართველო გამოყენებულია უკანონო ტვირთებისთვის - რას ამბობს გიორგი ამილახვარი?
„ქართული ოცნების“ დეპუტატმა, გიორგი ამილახვარმა განაცხადა, რომ არ არსებობს პატარა მტკიცებულებაც კი, რომ საქართველო გამოყენებულია უკანონო ტვირთებისთვის.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის თქმით, რიცხვები თავისას ამბობს და „ფაქტი ერთია, რომ ამ რიცხვებით, ბოლო ერთი წელია რუსეთთან ვაჭრობა საქართველოს შემცირებული აქვს“.
როგორც დეპუტატმა აღნიშნა, CNN-ის წამყვანი, ქრისტიან ამანპური ეყრდნობა იმ ე.წ შეთხზულ ამბებს, რომლის ნარატივი ბოლო ერთი წელია იქმნება, მაგრამ ეს ფაქტები არ არის გადამოწმებული.
„იქნება ეს CNN, Al Jazeera, BBC თუ “პალიტრა”, იქ სადაც გაჟღერდება ჟურნალისტის ან რესპონდენტის მხრიდან გადაუმოწმებელი ინფორმაცია, რომელიც არის ტყუილი, არ არის ფაქტებზე დაფუძნებული, არანაირი მტკიცებულება უკან არ დგას, ბუნებრივია, ჩვენ ვალდებული ვართ, ვინც არ უნდა იყოს ეს და რაოდენ დიდი თუ პატარა მედიასაშუალება და რომელ ქვეყანასაც არ უნდა წარმოადგენდეს, უბრალოდ ამას ვუპასუხოთ სიმართლით, ფაქტებით, დოკუმენტებით. მე გაგახსენებთ, მას შემდეგ რაც რუსეთ-უკრაინის ომი დაიწყო, რიგი ევროპარლამენტარის მხრიდან, უკრაინის მაღალჩინოსნების მხრიდანაც არაერთხელ გვსმენია, რომ საქართველო არის ერთგვარი ჩიხი, კორიდორი თუ ხვრელი, სადაც ხდება სანქციების გვერდის ავლით ტვირთის შეტანა რუსეთში და ბუნებრივია, ყოველ ჯერზე ჩვენი რეაქცია იყო მყისიერი, პრინციპული და მკაცრიც. ვითხოვდით ფაქტებს და მტკიცებულებებს“, - აღნიშნა ამილახვარმა „პალიტრანიუსის“ ეთერში.