თეგებით ძიება

"ძალიან მჯერა და ველოდები ჩემი თავისუფლების დღეს, დღეს, როდესაც მშვიდად უნდა დამხვდეს საზოგადოება" - რას წერს მაგდა პაპიძე ციხიდან?

ქმარ-შვილის მკვლელობისთვის მსჯავრდებული, უვადო პატიმრობაში მყოფი მაგდა პაპიძე მისი ქორწინების შესახებ ცრუ ინფორმაციის გავრცელების ფაქტზე გამოძიებას მიმართავს. "რადიო თავისუფლების" ინფორმაციით, 24 იანვარს მსჯავრდებულმა წერილები გააგზავნა როგორც პროკურატურაში, ისე თბილისის საქალაქო სასამართლოში და საქმის გამოძიების დაწყება მოითხოვა.

გარდა ამისა, როგორც პაპიძის ინტერესების დამცველი საპატიმრო დაწესებულებაში, "ადამიანის უფლებათა ცენტრის" იურისტი ეკა ქობესაშვილი გამოცემას უყვება, მსჯავრდებული უახლოეს დღეებში მიმართავს მაგდა პაპიძე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიასაც, რათა დადგინდეს მის შესახებ ცრუ ინფორმაციის გავრცელების ფაქტი.

„იყო ძალიან განერვიულებული და გაბრაზებული. რა თქმა უნდა, ეს ინფორმაცია უარყო და მითხრა, რომ ეს არის სრული აბსურდი. რაც დააკავეს, მას ურთიერთობა აქვს მხოლოდ დედასთან, დასთან და დისშვილთან და არავისთან სხვასთან. ცრუ ინფორმაცია გავრცელდა იმის შესახებაც, თითქოს მას ოჯახის წევრებიც კი აღარ ნახულობენ. ისინი ყოველთვის სარგებლობენ კანონით გათვალისწინებული პაემნებით. მაგდა პაპიძე თვლის, რომ გავრცელებული ცრუ ინფორმაცია მისი ქორწინების შესახებ, ემსახურება მის ფსიქოლოგიურ ტერორს და განადგურებას. დღეს უკვე გაგზავნა წერილი პროკურატურაში, სადაც წერს, რომ მიზანმიმართულად ხდება მის წინააღმდეგ ცილისმწამებლური განცხადებების გავრცელება, რაც ემსახურება მის ფსიქოლოგიურ დეგრადირებას და ითხოვს გამოძიების დაწყებას. ასევე მიმართა სასამართლოს და აპირებს იდავოს იმ მედიასაშუალების წინააღმდეგ, რომელმაც ეს ინფორმაცია გაავრცელა.

გარდა იმისა, რომ მედიამ გაავრცელა ცრუ ინფორმაცია, აქ გასათვალისწინებელი ისიც, რომ მაგდა პაპიძეს, მიუხედავად იმისა, რომ ის მკაცრი რეჟიმის დაწესებულებაში იხდის სასჯელს და უვადო პატიმარია, საქართველოს პატიმრობის კოდექსის თანახმად, აქვს ქორწინების უფლება და რომც დაქორწინებულიყო, აქ უკანონო და უცნაური არაფერი იქნებოდა, თუმცა, კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, მაგდა პაპიძეს ამ უფლებით არ უსარგებლია“, - აცხადებს იურისტი.

როგორც "რადიო თავისუფლებასთან" ეკა ქობესაშვილი ამბობს, მაგდა პაპიძე შვიდი წელია სამარტოო საკანში იხდის სასჯელს და იმის გამო, რომ მას შეზღუდული აქვს მოძრაობისა და სუფთა ჰაერზე ყოფნის უფლება, ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი დიაგნოზებიდან გამომდინარე, რთულდება:

„ის ცხოვრობს პატარა საკანში, სადაც იმყოფება 23 საათის განმავლობაში, ხოლო ერთ საათს ატარებს ე.წ. ჰაერზე, რომელიც ასევე პატარა, ბეტონის საკანია, უბრალოდ, დახურული ჭერის ნაცვლად არის გისოსები, საიდანაც იღებს ჰაერს და ჩანს ცა, სხვა არაფერი. მას აქვს სხვადასხვა სახის დაავადებები, აქვს ენდოკრინოლოგიური პრობლემა, დიაბეტი, დაპატიმრების შემდეგ დაეწყო მენოპაუზა. მისი ეს პრობლემები უკავშირდება ცხოვრების იმ პირობებს, რა პირობებშიც ახლა ის დაწესებულებაში იმყოფება. უვადო პატიმარი მამაკაცების შემთხვევაში არსებობს პრეცედენტული, ექსპერიმენტული მიდგომა, როდესაც რამდენიმე პატიმარი გადაყვანეს ღია დაწესებულებაში. ასევე ეძლევათ სუფთა ჰაერზე ყოფნის უფრო მეტი დრო, თუკი ისინი ჩართულები არიან მაგალითად, მებაღეობის პროგრამაში. მაგდა ამ შესაძლებლობას მოკლებულია...ის უკვე შვიდი წელია იმყოფება მკაცრი რეჟიმის დაწესებულებაში და ამ შვიდი წლის განმავლობაში, არანაირი საყვედური და გადაცდომა არ აქვს და გამოირჩევა სანიმუშო ყოფა-ქცევით. აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ შეღავათები ამ კუთხითაც შეიძლება გაკეთდეს. ვფიქრობთ, რომ მას უნდა მიეცეს ჰაერზე ყოფნისთვის და ფიზიკური აქტივობისთვის მეტი სივრცე, რათა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ უფრო არ გართულდეს“.

პატიმრობიდან შვიდი წლის თავზე, პაპიძე ამბობს, რომ „სასამართლო სასამართლო არ იყო და ყველგან, სადაც შეძლეს, პირზე ხელი ააფარეს“. ამის შესახებ წერს ის წერილში, რომელიც 2022 წლის 12 დეკემბრით თარიღდება და რომელიც რადიო თავისუფლებას მისმა ადვოკატმა, ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტმა, ეკა ქობესაშვილმა მიაწოდა:

„ძალიან მჯერა და ველოდები ჩემი თავისუფლების დღეს, დღეს, როდესაც მშვიდად უნდა დამხვდეს საზოგადოება, რომლის ნაწილიც ვიყავი და ვარ მეც - საზოგადოება, როცა ვცხოვრობდი ადვოკატის, პროკურორის გარეშე და ჩემზე არც ფიზიკურად, არც მორალურად, არც სიტყვიერად და არც ფსიქოლოგიურად არავინ ძალადობდა“.

ეს წერილი მაგდა პაპიძემ მას შემდეგ დაწერა, რაც გასული წლის დეკემბრის დასაწყისში, ტელევიზიით გავიდა მისი საქმის შესახებ, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გადაღებული ფილმი „პოლიციის ფაილები - მაგდა პაპიძის საქმე“, სადაც საქმის გამომძიებლები და ექსპერტ-კრიმინალისტები 52 წუთის განმავლობაში ყვებიან და აღწერენ საქმის გამოძიების იმ დეტალებს, როგორც რეალური, ისე რეკონსტრუირებული, ე.წ. დადგმული კადრებით, რომლებმაც ისინი საბოლოოდ საქმის გახსნამდე და ბრალდებულამდე მიიყვანა.

"ძალიან მჯერა და ველოდები ჩემი თავისუფლების დღეს, დღეს, როდესაც მშვიდად უნდა დამხვდეს საზოგადოება" - რას წერს მაგდა პაპიძე ციხიდან?


მაგდა პაპიძემ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გადაღებული ფილმის შესახებ ოჯახის წევრებისა და ადვოკატისგან შეიტყო. მსჯავრდებული წერილში წერს, რომ შვიდი წლის შემდეგ, მისი საქმის „გაცოცხლებით“, მასზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ცდილობენ:

„პირველად არ ირღვევა ჩემი უფლებები და ეტაპობრივად ასე იქნება ალბათ იქამდე, სანამ უპასუხოდ დარჩენილი უამრავი ის კითხვა იარსებებს, რაც ასე დატოვა გამოძიებამ და შვიდი წლის თავზე ჩემი პირადი ტრაგედიიდან, ხორციელდება ხელახალი ფსიქოლოგიური წნეხი ჩემზე და ჩემს განადგურებულ ოჯახზე საჯარო-სატელევიზიო მაუწყებლობით ისე, რომ ვიმყოფები დახურული რეჟიმის ისედაც რთულ გარემო პირობებში და არანაირი შეხვედრით, პირად კომუნიკაციას არ ცდილობს და არც ამყარებს პროკურატურა და გამომძიებელთა გუნდი ჩემთან, ისე წერს და თხზავს, მერე კი იყენებს მთელ ამ სცენარს ხელახალი, საზოგადოების მომწამვლელი მომართვისთვის და რისთვის?!.. ნუთუ, არავის უჩნდება კითხვა, როგორც მყარი მიზეზი და საპასუხოდ აუცილებელი - ტრაგედიიდან შვიდი წლის თავზე ასეთი ფსიქოლოგიური ზეწოლა იზოლირებულ ქალ-პატიმარზე, რისთვის და რა მოტივით დასჭირდა პროკურატურქას?! რატომ გრძელდება ასე უსასრულოდ ადამიანის უფლებების რღვევა და მცდელობა, საერთოდ დააკარგვინონ ადამიანს მომავლის იმედი, მიიყვანონ ისედაც რთულ პირობებში უკიდურეს სასოწარკვეთამდე და ისედაც განადგურებული და დანგრეული ოჯახი ხელახლა გაგვლახონ ხელით, წიხლით, სიტყვით - „სიმართლის სახელით“.

მაგდა პაპიძე წერილში წერს მისი დაკითხვისას, სამართალდამცავების მხრიდან განხორციელებული ძალადობის შესახებაც, რამაც მისი ჯანმრთელობა შეარყია:

„შვიდი წლის წინ, სანამ ჩემს ცხოვრებაში ასეთი ტრაგედია დატრიალდებოდა, ვინმეს, რომ ეთქვა, წინ რა მელოდა, ვერაფრით, ერთი წამითაც ვერ წარმოვიდგენდი, რომ ქალურად და ადამიანურად, ამასთან ჯერ შეგუებას მერე კი ცხოვრების გაგრძელებას შევძლებდი. შევძლებდი იმ დანაკარგის და მერე უკვე ძალადობის შემდეგ, რაც ასეთ შოკურ მდგომარეობაში მე პოლიციის შენობაში გამატარეს. ფაქტი ის არის, რომ ვერ შევძელი და დადგა დიაგნოზები... ადამიანი შეიძლება ციხეში ჩააგდო, მაგრამ ბრძოლის უფლება არ უნდა შეუზღუდო. შეიძლება ფიზიკურად დაატუსაღო, მაგრამ ის, რომ გონებრივად ვერ აპატიმრებ, იმას არ ნიშნავს, რომ ასეთი ფსიქო-ზეწოლით იმუშავოს წლების მანძილზე ჩემს წინააღმდეგ იმ გუნდმა, რომელთაც ჩემი წამების და უფლებების უკიდურესი დარღვევა ასე იოლად შემოდო თაროზე და ახლა მხოლოდ ისღა აწუხებს, როგორმე ოთხ კედელში, ჩუმ-ჩუმი წნეხით, ადამიანი ფატალურ შედეგამდე მიმიყვანონ“.

შეგახსენებთ, რომ 2016 წლის 6 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ეკატერინე გაბრიჩიძემ მაგდა პაპიძეს უვადოდ თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

27 წლის ქმრისა და ხუთი წლის შვილის მკვლელობაში ბრალდებული მაგდა პაპიძის საქმეს ნაფიცი მსაჯულები განიხილავდნენ. თორმეტმა ნაფიცმა მსაჯულმა გამამტყუნებელი ვერდიქტი 2 საათსა და 35 წუთში, ერთხმად – 12 ხმით მიიღო.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა