დიდი გაუგებრობა ჩნდება, როდესაც რაღაც ციტატებს კონტექსტიდან იღებთ - რას ურჩევს ქართველ პოლიტიკოსებს ანდრეი კასიანოვი?
საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, ანდრეი კასიანოვმა განაცხადა, რომ ძალიან დიდი გაუგებრობა ჩნდება, როდესაც რაღაც ციტატებს კონტექსტიდან იღებენ ქართველი პოლიტიოსები.
"ქართველმა პოლიტიკოსებმა, რომლებიც მე მაკრიტიკებენ, უნდა წაიკითხონ ტექსტი სრულად. მისი ორიგინალი ვერსია და არ ამოიღონ სიტყვები კონტექსტიდან, რადგან ეს დიდ გაუგებრობას იწვევს. ძალიან დიდი გაუგებრობა ჩნდება, როდესაც რაღაც ციტატებს კონტექსტიდან იღებთ. გთხოვთ, წაიკითხეთ ყველა ოფიციალური განცხადება ორიგინალში და თქვენ მიიღებთ ყველა კითხვაზე პასუხს. საჯაროდ უკვე განვაცხადე, რომ ეს პრეზიდენტ ზელენსკის კონსტიტუციური უფლებაა, ეს მან უნდა გადაწყვიტოს. დაველოდოთ გადაწყვეტილებას. მე ელჩის ნაცვლად კომენტარს ვერ გავაკეთებ“, - განაცხადა კასიანოვმა.
შეგახსენებთ, საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის, ანდრეი კასიანოვის განცხადებით საქართველოდან, შესაძლოა უკრაინის მოქალაქეების ევაკუაცია განხორციელდეს, "თუ მათ საფრთხე დაემუქრებათ საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის აღდგენისა და რუსების მასიურად შემოდინების შემთხვევაში“.