30 წლის ქართველი პოლონეთში არასრულწლოვანზე სექსუალური ძალადობისთვის დააკავეს
პოლონეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს. მის მიმართ გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც არასრულწლოვანმა გოგონამ პოლიციის განყოფილებას მიმართა და განაცხადა, რომ სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდა.
30 წლის ქართველი კაცი ქალაქ პოზნანში ტაქსის მძღოლად მუშაობდა. "ბოლტის" აპლიკაციით გამოძახებაზე მისულმა მძღოლმა მოზარდი დანიშნულების ადგილის ნაცვლად, სხვა მისამართზე წაიყვანა, ავტომობილის კარი შიგნიდან ჩაკეტა და კლიენტთან ძალის გამოყენებით სექსუალური კონტაქტის დამყარება სცადა. მსხვერპლმა მეგობართან მოკლეტექსტური შეტყობინების გაგზავნა მოასწრო, რის შემდეგაც მამაკაცმა ის გაათავისუფლა და გაიქცა.
მოძალადე ქართველი დააკავეს, თუმცა პოლონეთის პროკურატურამ მას ბრალი მხოლოდ თავისუფლების უკანონო აღკვეთისთვის წარუდგინა. პოლიცია სასამართლოში მსხვერპლის ფსიქოლოგების თანდასწრებით დაკითხვას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ განაჩენი ისე გამოიტანა, რომ საქმეს სქესობრივი დანაშაულის კვალიფიკაცია არ მისცემია. ჯარიმა 10 ათასი დოლარის ოდენობით, მსხვერპლთან მიახლოების აკრძალვა და ორწლიანი საზოგადოებრივი შრომა - ეს მიუსაჯა პოლონეთის სასამართლომ საქართველოს მოქალაქეს. განაჩენს კრიტიკა მოჰყვა ადგილობრივ მედიაში.
მამაკაცი „კურიერთან“ სატელეფონო საუბარში ადასტურებს, რომ ძალადობრივი დანაშაულისთვის პოლიციაში არასრულწლოვანმა უჩივლა. ბრალდებული ამბობს, რომ უდანაშაულოა, რაც სასამართლომაც გაიზიარა.
საქართველოში, ბრალდებულის ახლობლებისთვის მომხდარი მოულოდნელი აღმოჩნდა. მათი თქმით, 30 წლის მამაკაცი, ამ დრომდე რაიმე დანაშაულში არასდროს ყოფილა შემჩნეული.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა პოლონეთში ტაქსის ქართველი მძღოლები სექსუალურ ძალადობაში დაადანაშაულეს. ყველა საქმეში ხელწერა, თითქმის იდენტურია. "ბოლტის" და "უბერის" აპლიკაციით გამოძახებულ ტაქსის მძღოლებს, მგზავრი დანიშნულების ადგილის ნაცვლად, წინასწარ შერჩეულ ტერიტორიაზე მიჰყავდათ, სადაც მათ დანახვას, სავარაუდოდ ვერავინ შეძლებდა. ქართველების გარდა, მრავალტომიან საქმეში ფიგურირებენ ტაჯიკეთის, თურქმენეთის და უზბეკეთის მოქალაქეებიც. სექსუალური ძალადობის გახშირებული შემთხვევების გამო პოლონეთის სეიმი კანონმდებლობის გამკაცრებაზე მსჯელობს.
წყარო: „რუსთავი 2"