კოგნიტიური დარღვევები, რაც სააკაშვილს აქვს, არის მძიმე და ღრმა - რას ამბობს ბრიტანელი ექსპერტი?
ბრიტანელმა ექსპერტმა და ფსიქიატრმა, კორნელიუს კატონამ განაცხადა, რომ კოგნიტიური დარღვევები, რაც სააკაშვილს აქვს, არის მძიმე და ღრმა.
სასამართლო პროცესზე, რომელზეც მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან გაუქმების საკითხი განიხილება, ბრიტანელი ფსიქიატრის ტესტის რელევანტურობასთან დაკავშირებით, საკითხი პირველად სპეციალური პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელმა მალხაზ ურთმქლიძემ წამოჭრა, რომელმაც იმის დასტურად, რომ ტესტირების დროს სააკაშვილი დაღლილი იყო, ჩანაწერი თავად ექსპერტის დასკვნიდან ამოიკითხა.
„პუნქტი 3/13 ასეთი სიტყვები მოჰყავთ, რომ შეფასების ამ ეტაპზე სააკაშვილს დაღლილობა უფრო შესამჩნევი გახდა, ის თვალებს ისრესს და ჭარბი ნერწყვიანობაც უფრო გამოეხატა. მიუხედავად აღნიშნულისა, ექსპერტმა მაინც გააგრძელა კვლევა, მათ შორის, ჩაუტარა ტესტირებები საკმაოდ დიდი რაოდენობით - რამდენად რელევანტურად შეიძლება ჩაითვალოს კვლევებით მიღებული შედეგები, როგორც თავად ამბობს დემენციური პაციენტისგან, რომელიც უკვე დაღლილი იყო“,- განაცხადა ურთქმელიძემ.
სააკაშვილის ადვოკატებმა საპასუხოდ აღნიშნეს, რომ იმ დროს, როდესაც ექსპერტი სააკაშვილს ტესტირებას უტარებდა და მის დაღლილობაზე ჩანაწერი გააკეთა, სააკაშვილს დემენცია დადგენილი არ ჰქონდა.