ვულოცავ ლევან ხაბეიშვილს გამარჯვებას - ნიკა მელიას პირველი კომენტარი დამარცხების შემდეგ
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის"ყოფილმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ შიდაპარტიულ არჩევნებში გამარჯვებულს, ლევან ხაბეიშვილს წარმატება მიულოცა და პარტიის ღირსებით მართვა უსურვა.
მელიას განმარტებით, ის პარტიაში რჩება.
"არჩევნები შედგა, არჩევნებს ჰყავს თავისი კონკრეტული გამარჯვებული, მე მას ვულოცავ ამ შედეგს. ვულოცავ კონკრეტულად ლევან ხაბეიშვილს, ვუსურვებ მას, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანს, რაზეც მე და ათასობით ადამიანი საჯაროდ ვსაუბრობდით, ვუსურვებ პარტია ემართოს ღირსებითა და სიმართლით და მინდა ვიმედოვნო, რომ ის ამას მოახერხებს. არავის ეჭვი არ უნდა შეეპაროს, რომ მე ამ ბრძოლაში ვრჩები, ვრჩები ბრძოლაში, რომელსაც შემოვუერთდი 2013 წლიდან და რა თქმა უნდა, ვიქნები ამ ბრძოლის ავანგარდში", - თქვა ნიკა მელიამ.
ცნობისთვის, 28-29 იანვარს "ნაციონალური მოძრაობის" შიდაპარტიული არჩევნები გაიმართა. კენჭისყრის შედეგად ახალი თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გახდა. ნიკა მელიას ენმ-ს თავმჯდომარის პოსტი 2020 წლის დეკემბრიდან ეკავა.