მიხეილ სააკაშვილი დიდ პატივს ცემს ნიკა მელიას, ის ნამდვილი გმირია, მაგრამ დღეს გამარჯვებას ულოცავს ლევან ხაბეიშვილს - რას ამბობს გიული ალასანია?
ყოფილი პრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარედ დანიშვნას ლევან ხაბეიშვილს ულოცავს.
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილს აქვს სურვილი ყველას ახსოვდეს, რომ ძალა ერთობაშია და პარტიის დაშლაზე ლაპარაკი არ უნდა იყოს.
„არაფერში არ ჩარეულა მთელი ეს პერიოდი, მაგრამ ახლა ასეთი პოზიცია აქვს - ძალიან დიდ პატივს ვცემ ნიკა მელიას, მიმაჩნია, რომ ის ნამდვილი გმირიაო, მაგრამ ახლა, დღეს ვულოცავ ლევან ხაბეიშვილს და ვუსურვებ ძალიან დიდ წარმატებებსო. ძალიან დიდი სურვილი აქვს, რომ ყველას ახსოვდეს, რომ ძალა არის ერთობაში და არავითარ დაშლაზე არ იყოს ლაპარაკი.
„ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებზე მთელი ეს პერიოდი არასდროს დაუძრავს კრინტი ჩემთან და პირველად ახლა მითხრა“, - განაცხადა გიული ალასანიამ.
შეგახსენებთ, "ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნებში ლევან ხაბეიშვილმა გაიმარჯვა. მან ხმების 52,58% აიღო.