მიშა, მინდა შეგპირდე, რომ ჩვენ არ გავჩერდებით იქამდე, სანამ შენი სიცოცხლე და ჯანმრთელობა არ იქნება უზრუნველყოფილი - ლევან ხაბეიშვილი სააკაშვილს
"ნაციონალური მოძრაობის" ახალმა თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა პარტიის ოფისში არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ბრიფინგი გამართა და ექსპრეზიდენტ, სააკაშვილს მიმართა.
მისი თქმით, პარტიის პირველი გადაწყვეტილებები ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან იქნება დაკავშირებული.
"ცხადია, პირველი გადაწყვეტილებები დაკავშირებული იქნება პრეზიდენტ სააკაშვილის თავისუფლებისთვის ბრძოლასთან. მიშა, მინდა შეგპირდე, რომ ჩვენ არ გავჩერდებით იქამდე, სანამ შენი სიცოცხლე, ჯანმრთელობა და ჩვენი ქვეყნის თავისუფლება არ იქნება უზრუნველყოფილი.
ეს გამარჯვება ეკუთვნის ნიკა გვარამიას, რომელმაც თავისი მაგალითით დაამტკიცა, რომ ამ ბრძოლაში ჩვენი გატეხვა არის შეუძლებელი. ეს გამარჯვება ასევე ეკუთვნის ნიკას და მის მომხრეებს, ნონას და მის მხარდამჭერებს, გიორგის და მის დაუღალავ თანამებრძოლებს. მე დღეს გიწვდით მეგობრობის ხელს. ჩემი მთავარი ამოცანაა გავერთიანდეთ საერთო მტრის წინააღმდეგ ბრძოლაში“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.
შეგახსენებთ, "ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნებში ლევან ხაბეიშვილმა გაიმარჯვა. მან ხმების 52,58% აიღო.