ძმებ კაკულიებს ჩვენ ბრალს არ ვდებთ, პროკურატურამ დაგვიდო მასალა, სადაც მათი თანამონაწილეობა იკვეთება - რას აცხადებს ნიკო კვარაცხელიას დედა?
ერაზე მოკლული ნიკო კვარაცხელიას დედა, იზა ომაძემ განაცხადა, რომ საქმის ფიგურანტ ძმებ კაკულიებს ცილს არავინ სწამებს.
იზა ომაძის თქმით, მისი შვილის მკვლელობიდან ათ წუთში, საქმეს მთაწმინდა-კრწანისის პოლიციამ კვალიფიკაცია მისცა, რომ შემკვეთები სწორედ კაკულიები იყვნენ.
როგორც ომაძე ამბობს, დაკვეთის შესახებ პოლიციასთან სწორედ გიორგი კავილაძემ განაცხადა, რომელიც მისი შვილის მკვლელობის ერთ-ერთი მსჯავრდებულია.
„როდესაც სამართალდამცველებმა გიორგი კავილაძე აიყვანეს მან სიტყვა-სიტყვით თქვა, რომ მათ [გიორგი კავილაძეს და აკო ჭელიძეს] მკვლელობა დაუკვეთა კაკულიამ. მე, როგორც დედას ყველაზე მეტად მინდა, რომ ისინი ამ საქმის თანამონაწილეები არ იყვნენ. კავილაძის ოჯახი მათ პირდაპირ და ირიბად სდებდა ბრალს.
კაკულიებს ჩვენ არ ვადებთ ბრალს, ბრალი დასდო პროკურატურამ, საგამოძიებო მხარემ, რომელმაც ათი ათასი ფურცელი დაგვიდო, როგორ გეგმავდნენ ეს ახალგაზრდები ნიკოს მკვლელობას. მე ყველაზე მეტად მინდა, რომ მათი სახელი არ ფიგურირებდეს ნიკოს მკვლელობასთან. მე მათ ვუსურვებ, რომ ძალიან ბედნიერები იყვნენ თავისი სიმართლით. როგორც ჩემი შვილი წარსდგა ღვთის წინაშე ისე წარდგებიან ისინიც. რაც შეეხება გიორგი კავილაძის ოჯახს, ამ ოჯახმა ათამდე ახალგაზრდას მოსდო ჩირქი. კავილაძის და ჭელიძის ოჯახს ქვეყანაში ცხოვრების მორალური უფლება არ აქვთ. ისინი არიან სპეცსამსახურების თანამშრომლები, განსაკუთრებით დედები და ეს პროცესი თავდაყირა მათ დააყენეს“, - განაცხადა იზა ომაძემ "ინტერპრესნიუსთან".
შეგახსენებთ,რომ 22 წლის ნიკო კვარაცხელია 2021 წლის 15 სექტემბერს, თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან 10-ზე მეტი გასროლით მოკლეს. მომხდარზე პოლიციამ აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე დააკავეს. სასამართლომ კი, აკო ჭელიძეს 17 წლით, გიორგი კავილაძეს 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.