"საზოგადოებას წარვუდგენ სრულ სურათს, ვინ იყო ნოდარ ათუაშვილი. მერე განსაჯეთ, "გიჟი" იყო იგი თუ გააგიჟეს?!" - რას წერს ჟურნალისტი?
ჟურნალისტი, ზაირა მიქატაძე საგარეჯოს თავდამსხმელ, ყოფილ სამხედრო ნოდარ ათუაშვილზე სოციალურ ქსელში წერს და აღნიშნავს, რომ მალე ახალ მასალას გაასაჯაროებს.
"სამშობლოს დასაცავად თურმე გმირი ხარ და ღირსების დასაცავად - ტერორისტი". ასეთი კომენტარი დამხვდა ჩემს სტატიაზე ამ დილით. დავამატებდი - ან - "გიჟი", რაც ომმა, მისიებში მონაწილეობამ, ""ცივსისხლიან კაცისმკვლელად" ჩამოყალიბებამ გაგხადა (სწორედ ასეთი მოსაზრებები წამოვიდა ამ დღეებში საგარეჯოს ტრაგედიის მონაწილის, ნოდარ ათუაშვილის მისამართით). კარგი, ვეტერანები ისედაც ჩარეცხილები ვართ კარგა ხანია, მაგრამ ჯარს რას უპირებთ, ჯარს?! ფორმა ჩაიცვა, ე.ი. მომავალი "გიჟია"?!! თუ ხვდებით, სად ურტყამს თქვენი მცდელობა, დამალოთ ამ ტრაგედიის ნამდვილი მიზეზები?! ამ კითხვებს ბევრი ადრესატი ჰყავს და იმედია, საკუთარ თავს ამოიცნობენ.
პ.ს. ძალიან მალე საზოგადოებას წარვუდგენ სრულ სურათს, ვინ იყო ნოდარ ათუაშვილი. მერე განსაჯეთ, "გიჟი" იყო იგი თუ გააგიჟეს?! აქვე, გამოძიებას ვურჩევდი, შესაბამისი სამსახურებიდან მოითხოვოს სტატისტიკური მონაცემები, რამდენი ვეტერანი და ჯარისკაცი გაგიჟდა მისიებისა თუ ომების შემდეგ?!", - წერს ზაირა მიქატაძე.
შეგახსენებთ, რომ 20 იანვარს ნოდარ ათუაშვილმა საკუთარი სახლის აივნიდან მოსახლეობას ცეცხლი გაუხსნა. თავდასხმის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა, 6 კი დაიჭრა. შსს-ს ინფორმაციით, თავდამსხმელმა თავი მოიკლა.