თეგებით ძიება

გიორგი ფხაკაძე ამირან გამყრელიძეს ბოდიშს უხდის

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი, გიორგი ფხაკაძე დაავადებათა კონტროლის ცენტრის ყოფილ ხელმძღვანელს ამირან გამყრელიძეს ბოდიშს უხდის.  

„მინდა, საჯაროდ ბოდიში მოვუხადო ბატონ ამირანს. 

ბატონი ამირანი იყო და არის ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი გამოჩენილი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, რომელმაც ამ ქვეყნისთვის ბევრი რამ გააკეთა. 

როგორც დარგის ექსპერტი, ყოველთვის არ ვეთანხმებოდი (დასაბუთებულად) მის პოზიციას/მოსაზრებას და ასევე უფრო მაღალ სტანდარტს ვითხოვდი მისგან, ვინაიდან ის არის მაღალი დონის ექსპერტი არა მარტო საქართველოში, არამედ საერთაშორისო დონეზეც. პროფესიულ საკითხებზე კამათი, ეს არის ჯანსაღი პროცესი პროფესიულ სფეროში და მე დარწმუნებული ვარ, რომ ბატონი ამირანი პირადად ჩემზე არასდროს იყო გაბრაზებული. პირიქით, პროფესიონალები ძლიერ/დასაბუთებულ კრიტიკას ვაფასებთ. 

საჯაროდ გამოქვეყნებულმა მიმოწერამ, სამწუხაროდ, ნათლად გვაჩვენა, თუ რატომ ახორციელებდა ბატონი ამირანის უწყება ამ ბოლო პერიოდში ასეთი ტიპის გაუგებარ გადაწყვეტილებებს!

მინდა, საჯაროდ ბოდიში მოვუხადო ბატონ ამირანს, ვინაიდან მე არ მქონდა ზემოაღნიშნული ინფორმაცია. 

ამ ქვეყანაში ნორმად იქცა ადამიანის “დაბლოკვა”, “დაუფასებლობა” “შეურაცხყოფა”. ასე ქვეყანა არ შენდება. ჩვენ არ გყავს ბევრი პროფესიონალი და დარგის ექსპერტი. და ვინც გვყავს, მათ დაფასება და გამოყენება სჭირდებათ!“ - წერს გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, ამირან გამყრელიძემ ჯანდაცვის მინისტრს, ზურაბ აზარაშვილსა და მის მოადგილეს, თამარ გაბუნიას წერილი მისწერა, საიდანაც ირკვევა, რომ იგი ნაწყენია მისი გათავისუფლების გადაწყვეტილების გამო და მიიჩნევს, რომ ეს სამინისტროსთან იყო შეთანხმებული.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა