„ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნება“ შეთანხმებულად მოქმედებს - სალომე სამადაშვილი
„ლელოს“ პოლიტიკურმა მდივანმა, სალომე სამადაშვილმა პარლამენტის საგაზაფხულო სესიაზე განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნება“ შეთანხმებულად მოქმედებს.
როგორც სამადაშვილმა აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილის მიმართ, რა დამოკიდებულებაც არ უნდა ჰქონდეთ ადამიანებს, „მოვა დრო, როცა ყველას მოუწევს ფასის გადახდა იმაში, რაც დღეს ამ ქვეყანაში ხდება“.
„ამ ყველაფერში შეიძლება ირონიული ის არის, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დამფუძნებლის და ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დღევანდელი მდგომარეობაც დამატებით ყველა სხვა პრობლემებთან ერთად, ძალიან სერიოზულ დაბრკოლებად გვევლინება ამ ქვეყნის ევროპული მომავლის უზრუნველსაყოფად. რა გვითხრა ევროკავშირმა? - გვითხრა, რომ ქვეყანას არ შეიძლება ჰქონდეს პოლიტიზებული მართლმსაჯულება და სასამართლო უნდა იყოს დამოუკიდებელი. რა ვნახეთ გუშინ ჩვენ? - ჩვენ ვნახეთ, რომ მართულმა მოსამართლე არევაძემ, რომელმაც განაჩენი გამოუტანა მაგალითად, ჩემ თანაპარტიელებს - ხაზარაძეს და ჯაფარიძეს, გუშინ ასევე წინასწარ დაწერილი გადაწყვეტილება გააჟღერა.
ეს პრობლემა მარტო სააკაშვილის კონტექსტში კი არ არის, ეს აჩვენებს, მათ შორის, ევროკავშირს, რომ ქვეყანაში ჩვენ დამოუკიდებელი სასამართლო არ გვაქვს.
შეიძლება, არის ხალხი და ალბათ, ძალიან ბევრი ადამიანია, ვისაც მიაჩნია, რომ სააკაშვილი რაღაცაში დამნაშავეა, ამ ადამიანებს უნდა ესმოდეთ, როცა ქვეყანაში დამოუკიდებელი სასამართლო არ გვაქვს, შესაბამისი გადაწყვეტილებები, რომელიც სასამართლოს გამოაქვს, მსოფლიოში, არავის ნდობით არ სარგებლობს", - განაცხადა სამადაშვილმა.