„შეძრული ვართ მომხდარი ტრაგედიით“ - ილია მეორე სამძიმრის წერილს აქვეყნებს
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე სამძიმრის წერილს ავრცელებს.
„სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმარი მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოს I-ს
მის ყოვლადუწმინდესობას, კონსტანტინეპოლის, - ახალი რომის მთავარეპისკოპოსს და მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოს I-ს, თქვენო ყოვლადუწმინდესობავ, შეძრული ვართ მომხდარი ტრაგედიით, დიდია მწუხარება და ტკივილი, რომელიც მოიტანა დამანგრეველმა მიწისძვრამ. გთხოვთ, მიიღოთ ჩვენი სამძიმარი და გადასცეთ იგი გარდაცვლილთა ოჯახებს.
ვლოცულობთ დაშავებულთა გადარჩენისა და გამოჯანმრთელებისთვის. „თვით მშვიდობის უფალმა მოგცეთ მშვიდობა ყველგან და ყოველთვის. უფალი იყოს ყველა თქვენგანთან.“
(2თეს.3:16)
ილია II
სრულიად საქართველოს
კათოლიკოს-პატრიარქი,
მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი
და მიტროპოლიტი ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის“, - აღნიშნულია გავრცელებულ წერილში.
შეგახსენებთ, 6 თებერვალს, გამთენიისას, თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. 7,8 მაგნიტუდის ბიძგებს მსხვერპლი და ნგრევა მოჰყვა თურქეთსა და სირიაში.
მიწისძვრის ეპიცენტრი თურქეთის ქალაქ გაზიანთეფიდან ჩრდილოეთით, სირიის საზღვრიდან დაახლოებით 90-მდე კილომეტრის მოშორებით იყო. ბიძგები კაიროშიც იგრძნობოდა.
რამდენიმე საათში, თურქეთში კიდევ ერთი ძლიერი, 7.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა განმეორდა.