გაცდენების გამო დეპუტატებისთვის დაქვითული თანხა, თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაზარალებულებს მოხმარდება
პარლამენტი, თურქეთში მიწისძვრით დაზარალებული პირების დახმარებისთვის საქველმოქმედო აქციას იწყებს. გარდა იმისა, რომ აქციაში ჩართვა ყველა დეპუტატს შეუძლია, ქველმოქმედებას მოხმარდება გაცდენების გამო დეპუტატებისთვის დაქვითული თანხაც. ამის შესახებ განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პლენარულ სხდომაზე გააკეთა.
„ყველა დეპუტატს მოგიწოდებთ, რომ ჩაერთოთ ამ საქველმოქმედო აქციაში. უკვე მივმართე ხაზინადართა საბჭოს, რომ დეკემბერში არასაპატიო მიზეზით გაცდენების გამო დეპუტატებისთვის დაქვითული თანხა ამ საქველმოქმედო აქციას მოხმარდეს“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
ცნობისთვის, 6 თებერვალს, გამთენიისას, თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. 7,8 მაგნიტუდის ბიძგებს მსხვერპლი და ნგრევა მოჰყვა თურქეთსა და სირიაში. რამდენიმე საათში, თურქეთში კიდევ ერთი ძლიერი, 7.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა განმეორდა. ჯამში თურქეთსა და სირიაში მიწისძვრით დაღუპულთა რიცხვი, ბოლო მონაცემებით, 11 200-ს აჭარბებს. მიწისძვრას ემსხვერპლა საქართველოს სამი მოქალაქე.