თეგებით ძიება

"ნაცმოძრაობის" დეპუტატი მექსიკის გავლით აშშ-ში გაიქცა - ის ემიგრაციაში კურიერად მუშაობს

ბათუმის საკრებულოს წევრი, ლაშა კილაბერია ამერიკის შეერთებულ შტატებში მექსიკის გავლით წავიდა. ინფორმაციას "ბათუმელები" ავრცელებს.

„ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის აწ უკვე ყოფილი თავმჯდომარის თქმით, ეს იყო იძულებითი გადაწყვეტილება, რადგან სუს-ი, მის მეგობრებზე ზეწოლას ახდენდა და ლაშა კილაბერიას პოლიტიკურად „განეიტრალებას“ სთხოვდა.

პოლიტიკურად აქტიური კილაბერია ახლა ამერიკაში კურიერად მუშაობს და ირწმუნება, რომ უკან აუცილებლად დაბრუნდება.

„სულ ოთხი წამოვედით, მათ შორის პაატა აციმბა, ლაშა ჩხარტიშვილი და ვანო გაბუნია. პაატა ბათუმის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის ყოფილი უფროსია, ლაშაც ასევე სახელმწიფო სტრუქტურაში მუშაობდა.

ჩვენ საკრებულოშიც არაერთხელ გავაკეთეთ ამაზე განცხადება, რომ სუს-ი ზეწოლას ახდენდა ჩვენზე, თუმცა მაშინ კონკრეტულ ადამიანებს არ ვასახელებდით.

მე ალბათ ვერც ვერაფერს დამაკლებდნენ, მაგრამ ჩემს მეგობრებზე, მათ ოჯახებზე ზეწოლა დაიწყეს, რომ მე გავნეიტრალებულიყავი და თქვენ იცით ეს რას ნიშნავს“, – ამბობს „ბათუმელებთან“ ლაშა კილაბერია.

მას მოჰყავს ენმ-ის გარდაცვლილი წევრის, ნუგზარ ფუტკარაძის მაგალითი, რომელსაც გარკვეული პირები ე.წ „ნეიტრალობას“ სთხოვდნენ საკრებულოში. ეს იმას ნიშნავდა, რომ მას საკრებულოში მუშაობისას „ნაციონალური მოძრაობისთვის“ მხარე არ უნდა დაეჭირა. ნუგზარ ფუტკარაძე თვითმმართველობის არჩევნებიდან მალევე გარდაიცვალა.

ლაშა კილაბერიას თქმით, მის შემთხვევაშიც ფიგურირებდა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის მამის, დავით რიჟვაძის სახელი.

„სუს-ის წარმომადგენლები არიან და, რა თქმა უნდა, რიჟვაძის მამის დავალებებს ასრულებენ, როგორც ეს იყო ფუტკარაძეზე ზეწოლის შემთხვევაში“, – აცახდებს კილაბერია გამოცემასთან.

ჟურნალისტის კითხვაზე, რა იყო მუქარა? – კილაბერია პასუხობს, რომ მის მეგობრებს სამსახურის დაკარგვით ემუქრებოდნენ. „ვიცი, რომ ეს მუქარა იყო რეალური“, – ამბობს ის.

კილაბერია მეგობრებთან ერთად ჯერ პოლონეთში წავიდა, სადაც ორი თვე დაყო, იქიდან კი აშშ-ში.

„ვიცდიდით, ვფიქრობდით, რომ ჩაწყნარდებოდა სიტუაცია, მაგრამ როცა არაფერი შეიცვალა, გადავწყვიტეთ ამერიკაში წამოსვლა. არც ვიზა გვქონდა, არც „მწვანე ბარათი“, წამოვედით ისე, როგორც ბევრი ქართველი მოდის – მექსიკის სახიფათო გზა ვარჩიეთ.

მე აქ არ წამოვსულვარ ეკონომიკური სიდუხჭირის გამო, ადამიანების უმრავლესობა ამ მოტივით მოდის აქ, მე მომიწია იძულებით წამოსვლა“, – ამბობს ლაშა.

ის ამერიკაში პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვს. „ახლა ველოდებით სასამართლოს და ვნახოთ რა იქნება“, – აცხადებს კილაბრია.

ერთი მხრივ ლაშა კილაბერია ირწმუნება, რომ „შესაფერის მომენტს“ დაელოდება და დაბრუნდება სამშობლოში, მეორე მხრივ კი ამერიკაში თავშესაფრის მიღების შემდეგ არც ოჯახის წაყვანას გამორიცხავს.

კილაბერია თავის ემიგრანტობას მხოლოდ და მხოლოდ სუს-ის ზეწოლას უკავშირებს და არა ენმ-ში მომხდარ განხეთქილებას. ნაწილობრივ უარყოფს იმასაც, რომ ლევან ვარშალომიძეს ფრაქციის თავმჯდომარედ არ სურდა მისი კანდიდატურა.

„იყო რაღაც, მაგრამ ამ თემამ გაიარა უკვე, აღარ ვეხები ამ თემას. მე საკრებულოს 14-ვე წევრმა მომცა ხმა, მაგრამ შემდეგ, ვინ როგორ გააგრძელებს ცხოვრებას, კონკრეტული ადამიანის გადასაწყვეტია.

ემიგრაციის მიზეზი იყო სუს-ი, ყველა ფეხის ნაბიჯზე დაგვდევდნენ, გვითვალთვალებდნენ, გვისმენდნენ, ყველა აქციაზე, მშვიდობიანი იყო თუ რაიმე პერფორმანსს ვაკეთებდით, ყველგან ყოველთვის ჩვენ გვიჭერდნენ.

არც ნუგზარ ფუტკარაძის საქმის გამოძიებაა დასრულებული და ყველაფერი ძალიან კარგად ჩანს იმ ჩანაწერებში.

პარტიის შიგნით არსებული უთანხმოებების გამო ნიჰილიზმი ნამდვილად არ გამჩენია და პირიქით, ჩვენი ვალდებულებაა, რომ სხვა ადამიანები გამოვიყვანოთ ნიჰილიზმიდან“, – აცხადებს ბათუმის საკრებულოს ყოფილი წევრი.

შორიდან ბრძოლა რამდენად საკმარისია ნიჰილიზმის დასაძლევად, როგორ დაეხმარებით სხვას, როცა თავად წახვედით ამერიკაში? – ვკითხეთ მას. მისი აზრით, ის არც ამერიკაში აპირებს პოლიტიკური აქტიურობის შეწყვეტას და საერთაშორისო ორგანიზაციების ოფისებთან აქციებს ახლაც მართავენ.

„ბათუმში ფიზიკურად ვერ ჩავერთვები აქტიურ ცხოვრებაში, მაგრამ აქ, გაეროს ოფისთან, თეთრ სახლთან ვაშინგტონში უკვე გვქონდა აქციები, კვირას გვაქვს დაგეგმილი სააკაშვილთან დაკავშირებით აქცია. რასაც შევძლებთ, აქედან ვიქნებით აქტიური.

ყველა მხრიდან უნდა ვიბრძოლოთ, თბილისშიც დაიწყო აქციები და არ დასრულდება მანამ, სანამ არ იქნება ის შედეგი, რაც ქვეყნის დეოლიგარქიზაციას ნიშნავს და სანამ არ წავა „ოცნება“.

მე საჯაროდ ვამბობ, რომ იმ დღეს, როცა მე შემეძლება ჩემ ქვეყანაში დაბრუნება, აუცილებლად დავბრუნდები. შეიძლება ვიღაცისთვის აქ ყოფნა კარგია, ფულის საშოვნად, სამუშაოდ მოდის, მაგრამ ჩემთვის მნიშვნელოვანია ჩემს ქალაქში, ჩემს ქვეყანაში ყოფნა. ოჯახთან და მეგობრებთან. აქ როცა მოვდიოდი, ვიცოდი რისთვის მოვდიოდი და რა იყო ჩემი მიზანი. ვიცი, რომ უნდა დავბრუნდე უკან. აქ იძულებით ვარ ჩამოსული“, – ამბობს ლაშა კილაბერია.

კითხვაზე, ვინ დააყენებს „იმ დღეს“, თუკი ქვეყნიდან მიგრაცია გაიზრდება და სამოქალაქო აქტივიზმი დასუსტდება?

კილაბერია ფიქრობს, რომ კრიტიკულ სიტუაციებში ქართველები გაერთიანებას შეძლებენ. „ალბათ ეს პერიოდი მწიფდება და გავერთიანდებით. ემიგრანტებიც წამოვლენ. ჩვენ ახლა ჩამოკიდებული ვართ უკრაინის მომავალზე, მაგრამ ვფიქრობ, იმ საჭირო მომენტში შევძლებთ გაერთიანებას, 2024-ში უნდა წავიდეს „ოცნება“ ხელისუფლებიდან. თუ ეს არ მოხდა, მაშინ ყველაფერი ცუდად იქნება“, – აცხადებს ლაშა კილაბერია.

 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა