„ცოტნე ჯაფარიძე თხილამურის ფეხსაცმლით წაიყვანეს სასამართლოში, ხოლო ოკუპანტი რუსეთის მოქალაქემ გააგრძელა მშვიდად სრიალი გუდაურში!“ - რა ფოტოს აქვეყნებს გიორგი კალატოზიშვილი?
ასოცირებული ტრენერი, გიორგი კალატოზიშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება “ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებლის, ცოტნე ჯაფარიძის დაკავებას და წერს.
„რომ მიხვდეთ, რამდენად უთანასწორო პირობებში ვცხოვრობთ უკვე საქართველოში საქართველოს მოქალაქეები და ოკუპანტი რუსეთის მოქალაქეები - გუდაურში მომხდარი შელაპარაკების შემდეგ ცოტნე ჯაფარიძე აი ასე, თხილამურის ფეხსაცმლით წაიყვანეს მცხეთის რაიონულ სასამართლოში, ხოლო ოკუპანტი რუსეთის მოქალაქემ გააგრძელა მშვიდად სრიალი და დასვენება გუდაურში! ანუ იმდენად საჩქარო იყო ცოტნეს გასამართლება, რომ არც კი აცადეს ფეხსაცმლის გამოცვლა! სამაგიეროდ რუს დეზერტირებს და ოკუპანტებს უქმნიან მაქსიმალურ კომფორტს. არ მგონია ქართულ პოლიციასაც მოწონდეს ეს დამამცირებელი ვითარება“, - წერს კალატოზიშვილი.
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი, ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის დაუმორჩილებლობის ბრალდებით დააკავეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ჯაფარიძეს უცხოელ ტურისტთან მოუვიდა შელაპარაკება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ჯაფარიძე დაკავებულია ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე და 166-ე მუხლების შესაბამისად, რაც სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას და წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.