„სკაიპით“ საუბარს აზრი არ აქვს, ძლივს მესმის ხმა - რას ითხოვს ბადრი ესებუა?
„საქართველოს ბანკის“ ყაჩაღობაში ბრალდებული ბადრი ესებუა, ითხოვს რომ სასამართლოს სხდომათა დარბაზში იმყოფებოდეს. მისი თქმით, „სკაიპით“ საუბარს აზრი არ აქვს.
დღევანდელ სასამართლო სხდომაზე, სადაც ესებუას მიმართ ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების საქმეზე აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობენ, ბრალდებულმა განაცხადა, რომ შემდეგ სასამართლო პროცესებზე სხდომათა დარბაზში დასწრება სურს.
„არაფრის დამატება არ მინდა, უბრალოდ მინდა, რომ სასამართლოს სხდომათა დარბაზში ვიმყოფებოდე და არა აქედან - „სკაიპით“. აზრი არ აქვს ასე საუბარს, ძლივს მესმის ხმა. ვატყობ, ფაქტობრივი მისამართიც რომ არ მაქვს ესეც დანაშაულია, ჩემი სახლი რომ არ მაქვს“, - განაცხადა ესებუამ.
ცნობისთვის, ზუგდიდში „საქართველოს ბანკის“ ყაჩაღობაში ბრალდებული ბადრი ესებუა 8 თებერვალს, სოფელ ჯიხაშკარში, ერთ-ერთი ადგილობრივის, ომიანე ჯიქიას საცხოვრებელ სახლში დააკავეს.
„საქართველოს ბანკის“ შენობაში შეიარაღებული ბადრი ესებუა 2020 წლის 21 ოქტომბერს შეიჭრა. მას მძევლად 40-ზე მეტი მოქალაქე ჰყავდა აყვანილი და მათი გათავისუფლების სანაცვლოდ 500 ათას აშშ დოლარს და უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვდა. თანხის გადაცემის შემდეგ თავდამსხმელმა გაქცევა მოახერხა.