„თითქმის ყოველ შუაღამისას, მეღვიძება და საშინელი ფიქრები მიპყრობს“ - რას წერს გიორგი კეკელიძე?
ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, მწერალი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში საკუთარი ემოციური მდგომარეობის შესახებ წერს.
„თითქმის ყოველ შუაღამისას, მეღვიძება და საშინელი ფიქრები მიპყრობს. ამ ომის განუცდელს, ძნელად წარმოუდგენია რა ტანჯვაა ამგვარი ფიქრი. მახსენდება ის ენითაღუწერელი წამება, რომელმაც ასობით დღე გააუქმა და ყრუ ჯოჯოხეთად აქცია. ვიგონებ, როგორ ვუყურებდი საათის ისრებს და ვერ ვხვდებოდი, რა აზრი ჰქონდა მათ ტრიალს, თუ მომდევნო დღე ამ წამებას გარდაუვლად გაიმეორებდა. დილით, თვალებს ვახელდი თუ არა, სადღაც სამწამიანი ბურუსის შემდეგ, ისევ ეს საზარელი ინკვიზიცია იწყებოდა. ჰოდა, ღამით მახსენდება და ადამიანი იღვიძებს ჩემში. ისეთი, როგორიც ჩვეულებრივ ვართ ხოლმე - შურისმაძიებელი, სხვისკენ ხელის გამშვერი. ძნელია ძალიან საკუთარ თავში ადამიანის დაცხრობა. ალბათ გახსოვთ გენიალური ფრაზა ,,სამანიშვილიდან": ,,მე შემიბრალა ვინმემ?" ძალიან ზუსტი კითხვაა, ძალიან ადამიანური. მაგრამ ჩვენი მთავარი ბრძოლაც ხომ ამ კითხვის გადალახვაა. ტანჯვით. მოუთმენლობის მოთოკვით და საცდურების გაძევებით. მივდივარ სარკესთან და თავს ვეუბნები: ,,შენ არ შეგიბრალეს, შენ შეიბრალე!" ,,თითი მხოლოდ საკუთარი თავისკენ გაიშვირე!" ,,ცილი დაგწამეს? აპატიე!" ,,გადაჭარბებულად გგვემეს? ის მცირედიც მოინანე!" სათქმელად პათეტიკურია ეს ვარჯიში, მაგრამ სხვანაირი მე არ ვიცი - ასე ვაჯერებ და ვამშვიდებ საკუთარ თავს. ვწვები. გული ყელში მიცემს და მთელ სხეულში შფოთვის ჭიანჭველები დამდის. მაგრამ აღარ მეშინია. აღარ მეშინია ჩემში ყველაზე სასტიკი და მძვინვარე მხეცის - ადამიანის“, - წერს გიორგი კეკელიძე.