ომის დაწყების დღიდან უკრაინის ტერიტორიის 20% ოკუპირებულია, ომი არ ჩერდება - ირაკლი ღარიბაშვილი
საქარველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, ომის დაწყების დღიდან უკრაინის ტერიტორიის 20% არის ოკუპირებული.
მისივე თქმით, ომი არ ჩერდება.
"მინდა, ერთი რამ ვუსურვო ყველას, მათ შორის ჩვენს მეგობარ უკრაინელ ხალხს - მშვიდობა, ამ ომის დროულად დასრულება. მაგრამ ერთი რამ მინდა ვთქვა, რომ ომის დაწყების დღიდან 20% არის ოკუპირებული უკრაინის ტერიტორიის, 10 ათასობით ადამიანი დაღუპულია, ასეულობით მილიარდი დოლარის ზარალი მიადგა უკრაინას, რაც მთავარია, გარდა სამხედროებისა, ძალიან მძიმე დანაკარგები აქვს ორივე მხარეს - სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, მოქალაქეები დაიღუპნენ, ბავშვები. ამ ზარალს და ტკივილს, ვერავინ აღადგენს. ჩვენ ვუყურებთ, რომ ომი არ ჩერდება, მცდელობაც არ ჩანს, რეალურად, უნდა ვთქვათ პირდაპირ, რომ ეს ომი გაჩერდეს რაიმენაირად, რომ მხარეები დაუბრუნდნენ მოლაპარაკებების მაგიდას. ეს, რა თქმა უნდა, არის შემაშფოთებელი. ამის შედეგად გარემო რომელიც შექმნილია უკრაინაში და რეგიონში, მთელ მსოფლიოში, კიდევ უფრო მეტად არაპროგნოზირებადი გახდა. შესაბამისად, ჩვენი მთავარი ამოცანა იყო არის და იქნება ჩვენი ხალხის ინტერესების დაცვა", - განაცხადა პრემიერმა ბაკურიანში ყოფნის დროს ჟურნალისტებთან.
შეგახსენებთ, რომ უკრაინაში რუსეთი 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. საოკუპაციო ძალებს იერიში მიაქვთ მშვიდობიან მოქალაქეებზეც.