„განცდა, რომელიც ჩვენმა თაობამ მხოლოდ გადმოცემით იცოდა, ხვიჩა კვარაცხელიამ მთელი სიმძაფრით გაგვიცოცხლა“ - ირაკლი კობახიძე
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ქართველ ფეხბურთელს, ხვიჩა კვარაცხელიას დაბადების დღეს ულოცავს.
„უფროსი თაობისგან გვსმენოდა, როგორ ელოდა მთელი საქართველო კვირიდან კვირამდე მიშა მესხის თამაშს, თამაშის დროს კი, მესხის მიერ ბურთის თითოეულ მიღებას, რადგან ყველამ იცოდა, რომ მას მოედანზე მარცხენა ფლანგიდან ყოველთვის რაღაც განსაკუთრებულის, გამორჩეული საფეხბურთო სილამაზის შექმნა შეეძლო. დღეს ეს განცდა, რომელიც ჩვენმა თაობამ მხოლოდ გადმოცემით იცოდა, ხვიჩა კვარაცხელიამ მთელი სიმძაფრით გაგვიცოცხლა და გვაჩუქა.
ხვიჩა საქართველოს და ქართულ ფეხბურთს სახელს უთქვამს მსოფლიო მასშტაბით და ამას ის განსაკუთრებული პატრიოტიზმით, საკუთარი ქვეყნის გამორჩეული სიყვარულით აკეთებს.
ხვიჩას ვუსურვებ უდიდეს წარმატებებს, რომლებსაც ის იმსახურებს როგორც გამორჩეული ფეხბურთელი და ასეთივე გამორჩეული ადამიანი!“, - წერს ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში.