„მხატვარი ესოდენ საფრთხეს უქმნიდეს სახელმწიფოს? ცოტა არ იყოს სხვა ეპოქას გვახსენებს“ - პრეზიდენტი სანდრო სულაბერიძის საქმეზე
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მხატვარ, სანდრო სულაბერიძის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.
„20 პოლიციის მანქანა ცისფერი გალერეის უკანა ეზოში. მხატვარი ესოდენ საფრთხეს უქმნიდეს სახელმწიფოს? ცოტა არ იყოს სხვა ეპოქას გვახსენებს და თანამედროვე საქართველოს კი ნამდვილად არცხვენს!“ - წერს პრეზიდენტი.
ცნობისთვის, ეროვნულ გალერეასთან დღეს მხატვრის მხარდასაჭერად აქცია გაიმართა. ტერიტორიას სამართალდამცავები იცავდნენ.
შეგახსენებთ, რომ 4 იანვარს, მხატვარმა, სანდრო სულაბერიძემ კედელზე ნამუშევრის ნაცვლად დატოვა წარწერა: "ხელოვნება ცოცხალი და დამოუკიდებელია!".
სულაბერიძის წინააღმდეგ საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ა ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს ქურდობას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია - დანაშაული ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ექვსი თვიდან ერთ წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთით ერთიდან სამ წლამდე.