"13 თებერვალი სანდრო გირგვლიანის დაბადების დღეა, იმ ბიჭის, 28 წლის ასაკში რომ წამებით მოგვიკლა სისტემამ" - ვატო შაქარიშვილი
მოძრაობა "აი იას" თანადამფუძნებელი, ვატო შაქარიშვილი სოციალურ ქსელში 17 წლის წინ მოკლული სანდრო გვირგვლიანის შესახებ წერს.
"13 თებერვალი სანდრო გირგვლიანის დაბადების დღეა… იმ ბიჭის, 28 წლის ასაკში რომ წამებით მოგვიკლა სისტემამ… იმ ბიჭის, მთელმა საქართველომ რომ ჩავიკარით გულში, ვიცნობდით თუ არ ვიცნობდით… იმ ბიჭის, რომლის გმირმა დედამ და ოჯახმა ღირსების მაგალითი გვაჩვენა… ეს უნდა იცოდნენ ახალგაზრდებმა, ნაც-ლიბერალებთან ერთად რომ აპირებენ შინ ევროპისკენ სვლას… კოლექტიურ ზურა გირჩთან ერთად რომ გინდათ თავისუფლებით ტკბობა - გახსოვდეთ, რომ ეს ღიმილის ბიჭი შსს მინისტრის, ვანო მერაბიშვილის ცოლის ბრძანებით გაიტაცეს, სასტიკი წამებით მოკლეს, შემდეგ ცილი დასწამეს, დანაშაული მიჩქმალეს, შემსრულებელი ჯალათები სასათბურე პირობებში ამყოფეს, მალევე გაათავისუფლეს, სრულიად პოლიტიკური ვერტიკალი გაპრავებაზე ამუშავეს… კონფორმისტებმაც წაიყრუეს, ბევრმა „გააპრავა“ და დღემდე „აპრავებს“… ისინი ჩვენს გვერდით ცხოვრობენ და იმ ძალაუფლების გემო ენატრებათ, სანდროს დასჯის ბრძანებას რომ გასცემდნენ და უმალ სრულდებოდა…,“, - წერს ვატო შაქარიშვილი.
ცნობისთვის, „გაერთიანებული ქართული ბანკის“ საერთაშორისო ურთიერთობათა განყოფილების ხელმძღვანელი, 28 წლის სანდრო გირგვლიანი 2006 წლის 28 იანვარს თბილისის გარეთ მრავალჯერადი დაზიანებებით გარრდაცვლილი იპოვეს. მისი გარდაცვალების საქმეზე შსს-ს 4 თანამშრომელი გაასამართლეს, რომლებსაც, გამოძიების მიხედვით, გირგვლიანთან ანგარიშსწორება პირადი კონფლიქტის გამო ჰქონდათ.
საქალაქო და სააპელაციო სასამართლომ არა მკვლელობისთვის, არამედ გირგვლიანის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთასა და ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებისთვის სამ პირს 7-7, ხოლო მეოთხეს 8-წლიანი პატიმრობა შეუფარდეს. უზენაეს სასამართლოს კოლეგიამ, რომლის შემადგენლობაშიც მოსამართლე ლევან მურუსიძე იყო, შსს-ს ოთხივე თანამშრომელს სასჯელი 6 თვით შეუმცირა. მურუსიძემ თავი ბევრჯერ იმართლა. ის ამბობდა და დღესაც ამბობს, რომ გირგვლიანის საქმეზე სხვა გადაწყვეტილების მიღებას კანონი უკრძალავდა.
გირგვლიანის საქმე საქართველომ წააგო და ევროსასამართლომ სიცოცხლის უფლების პატივისცემის დარღვევა დაადგინა, სახელმწიფოს 50 000 ევროს გადახდა დაეკისრა.
2018 წელს გირგვლიანის საქმეზე 7 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს კუდ-ის ყოფილ უფროსს დათა ახალაიას. გამოძიების ინფორმაციით, ვანო მერაბიშვილმა, ბაჩო ახალაიამ და დათო ახალაიამ დაგეგმეს და დაქვემდებარებული პირების გამოყენებით დაფარეს გირგვლიანის მიმართ ჩადენილი დანაშაული.