თეგებით ძიება

დღეს სააკაშვილი ე.წ. მეგობრებთან ერთად ცდილობს, თავი დააღწიოს ციხეს - კახა კალაძე

თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომ მსჯავრდებული პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ე.წ. მეგობრებთან ერთად ცდილობს, როგორმე დააღწიოს თავი ციხეს.

„ის ყველაფერი, რაც კეთდება, ყველაფერი დადგმული სცენებია და სპეკულირებაა. როდესაც ადამიანი არ იკვებება და მიზანმიმართულად არ იღებს შესაბამის კალორაჟს, ცხადია, ის დასუსტდება. ეს ყველაფერი მიმართულია, როგორმე თავი დააღწიოს ციხეს, მაგრამ ჩვენ ვცხოვრობთ სამართლებრივ სახელმწიფოში, სადაც არსებობს შესაბამისი კონსტიტუცია, კანონები და თუ ადამიანს აქვს დანაშაული ჩადენილი, მას მოუწევს კანონის წინაშე აგოს პასუხი“, – განაცხადა კალაძემ.

კალაძის განცხადებით, საქართველო ყოველთვის ითვალისწინებს, რაც ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია ევროინტეგრაციის გზაზე.

„ვერ ვნახავთ ვერცერთ გადადგმულ ნაბიჯს, რომელიც შეიძლება, ეწინააღმდეგებოდეს ევროინტეგრაციას ჩვენი მხრიდან. ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ სწრაფად მოხდეს თუნდაც სტატუსის მონიჭება, ევროპულ ოჯახში გაწევრიანება, მაგრამ ეს არის სუფთა პოლიტიკური სპეკულაციები. ჩემთვის, როგორც დედაქალაქის მერისთვის, როგორც „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნისთვის, მნიშვნელოვანია, ჩემი ქვეყნის მოქალაქეებმა იცოდნენ სიმართლე, რეალობა. ჩვენ ერთი წამით არ გადაგვიხვევია იმ გზიდან, რასაც ევროინტეგრაცია ჰქვია, მაგრამ როდესაც ვისმენთ ასეთ აბსურდულ განცხადებებს, როდესაც ვისმენთ აბსურდულ რეზოლუციებს, ამას ჩვენი მხრიდან ექნება რეაგირება და შესაბამისი პასუხები, რადგან ყოველთვის ვიცავდით და ვიცავთ ჩვენი ქვეყნის ინტერესს“, – განაცხადა კალაძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა