თეგებით ძიება

ვერ დგინდება, როდის იყო მიყენებული ნამუშევრისთვის მცირედი დაზიანება - პრეზიდენტის ადმინისტრაცია

ვერ დგინდება, როდის იყო მიყენებული ნამუშევრისთვის მცირედი დაზიანება, ჩვენთან თუ სასახლეში უკვე დაზიანებული მოვიდა, ვადებთან დაკავშირებით დარღვევა არ ყოფილა, – ამის შესახებ პრეზიდენტის მრჩეველმა განათლების, კულტურისა და მეცნიერების საკითხებში, კონსტანტინე ნაცვლიშვილმა განაცხადა.

„ჩვენი მიზანი გახლავთ, რომ ერთობის საფუძველი შეიქმნას ქართულ ემიგრაციულ კულტურასა და დღევანდელ საქართველოს შორის, ამიტომ ჩვენ ყოველ მსგავს ფაქტს, როგორც ძველ ემიგრაციას უკავშირდება, ასევე თანამედროვე უცხოეთში მყოფ ქართველ ხელოვანებს, ყოველთვის ვეკიდებით გულისხმიერებით და ვცდილობთ, ამ ნამუშევრების ან გამოფენა, ან დროებითი ექსპონირება საქართველოში მოხდეს. რაც შეეხება ამ ნამუშევრების დაზიანებას. ნამუშევრებმა საქართველომდე დიდი გზა გამოიარა. ისინი თავის დროზე დასაწყობებული იყო ამერიკაში, აშშ-იდან ჩავიდა პარიზში, პარიზიდან ჩამოვიდა საქართველოში. იყო ორ სხვადასხვა სივრცეში ექსპონირებული. აი, ამ ათეულობით ნამუშევრიდან მხოლოდ ხუთი ნამუშევარი შეირჩა ხელოვნების სასახლის მიერ ჩვენთან გამოსაფენად. შესაბამისად, ის დაზიანებები, ის მცირედი დაზიანება, რომელიც ვერ ვიტყოდი, რომ განსაკუთრებულ მნიშვნელობას წარმოადგენს, ვერ დგინდება, როდის იყო მიყენებული ნამუშევრისთვის, ჩვენთან თუ, ზოგადად, დაზიანებული მოვიდა ჩვენს სასახლეში.

საერთოდ, მსგავსს ბრალდებებს, რომელსაც ვადევნებდით თვალს და დღეს გაჟღერდა სამინისტროს მხრიდან, მიჩვეულები ვართ. ამიტომ ჩვენთვის ეს ახალი არ გახლავთ. ჩვენ ერთგული ვრჩებით იმ პოლიტიკის, რომ აუცილებლად უნდა შეივსოს საქართველოს მუზეუმები ახალი ხელოვნების ნიმუშებით, მით უფრო საქართველოს ემიგრაციიდან“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.

„ნდობა მათი მხრიდან ქართული კულტურული ინსტიტუციებისა არ იყო, შესაბამისად, პრეზიდენტის წონას, მის სიტყვას ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. მით უფრო, რომ ეს ოჯახი, რომლებიც არიან მემკვიდრეები სვიმონ დადიანის ნამუშევრებისა, ძალიან დიდ პატივს სცემენ პრეზიდენტს, ძალიან ხანგრძლივი ურთიერთობა და მეგობრობა აკავშირებთ“, – აღნიშნა ნაცვლიშვილმა.

„ჩვენ გვაქვს მემორანდუმი ხელოვნების სასახლესთან. ვადებს რაც შეეხება, ვადები, ვფიქრობ, რომ ყველანაირად დაცული იყო და არანაირი დარღვევა არ ყოფილა. ჩვენ გვაქვს ურთიერთთანამშრომლობის ხანგრძლივი მემორანდუმი მუზეუმთან. ჩვენი მემორანდუმი იყო პრეზიდენტის ვადის ამოწურვამდე.

ეს სასახლე გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე დაცული სახელმწიფო შენობა, რომელსაც იცავს სახელმწიფო უშიშროების სამსახურიდან დაწყებული, სპეციალური სამსახურები. შესაბამისად, ვერ ვხედავ საფრთხეს და რაიმე პრობლემას, თუ რა ვადით იქნებოდა ეს ნამუშევრები საქართველოს ორბელიანების სასახლეში გამოფენილი. ნებისმიერი ფაქტი, რომელიც უკავშირდება პრეზიდენტს და წარმოადგენს ან თავდასხმას, ან პრეზიდენტის ინსტიტუტზე თავდასხმის მცდელობას, ვფიქრობ, ეს არის პოლიტიკური. ვფიქრობ, რომ თავდასხმაა, იმიტომ არის ამ საკითხთან დაკავშირებით ფართოდ გამოხატული ინტერესი“, – განაცხადა კონსტანტინე ნაცვლიშვილმა.

სვიმონ დადიანის ხუთი ნამუშევარი, რომელიც პრეზიდენტის ორბელიანების სასახლეში ინახებოდა, ხელოვნების სასახლეს დაუბრუნდა. მიზეზი ერთ-ერთი ტილოს დაზიანებაა. პროცესში ჩართულია კულტურის სამინისტროს გენერალური ინსპექცია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა