"საქართველო იმსახურებს ევროპული ოჯახის სრულფასოვან წევრობას, გელოდებით ყველას 24 თებერვალს რუსთაველზე" - გიორგი მარგველაშვილი
საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვყენებს და საზოგადოებას 24 თებერვალს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს.
"დღეს უკრაინაში და ევროპაში მიმდინარეობს ისტორიული პროცესი – უკრაინელი ხალხის გმირული ბრძოლა რუსული აგრესიის წინააღმდეგ.
აუცილებელია დავაფიქსიროთ ჩვენი მხარდაჭერა უკრაინელი ხალხის მიმართ, იმ მებრძოლების მიმართ, ვინც შეაჩერა რუსული აგრესია და საკადრის პასუხს სცემს მათ.
მინდა განსაკუთრებული პატივისცემა გამოვხატო ქართველი მებრძოლების მიმართ, რომლებიც იცავენ არა მხოლოდ უკრაინის თავისუფლებას, არამედ საქართველოს თავისუფლებასა და ღირსებას.
ჩვენ 24 თებერვალს უნდა შევიკრიბოთ იმისთვის რომ კიდევ ერთხელ დავანახოთ მსოფლიოს საქართველოს ხელისუფლებისგან განსხვავებული ქართველი ხალხის, საქართველოს ფაქტობრივად ყველა მოქალაქის სურვილი და ნება რომ ჩვენ მათ გვერდით ვდგავართ და საქართველო როგორც თავისუფალი და ღირსეული ხალხის ერთობა იმსახურებს ევროპული ოჯახის სრულფასოვან წევრობას.
სწორედ ამიტომ, უკრაინის სოლიდარობისთვის გელოდებით ყველას 24 თებერვალს, 19:00 საათზე რუსთაველზე. სიმართლე გაიმარჯვებს! ერთობა გაიმარჯვებს! საქართველო გაიმარჯვებს!“ - წერს გიორგი მარგველაშვილი.