თეგებით ძიება

როტაციის მიზნით, საქართველოდან თურქეთში 85 მეხანძრე-მაშველი გაემგზავრა

თურქეთის რესპუბლიკაში, ქალაქ ადიამანში როტაციის მიზნით, 85 მეხანძრე-მაშველი,   გაემგზავრა. ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

უწყების განცხადებით, ქართველი მეხანძრე-მაშველების ახალი ჯგუფი იმ მეხანძრე-მაშველებს ჩაანაცვლებს, რომლებიც ამ დრომდე ახორციელებდნენ მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო და სამაშველო ღონისძიებებს.

შსს-ში განმარტავენ, რომ ქართული სამაშველო ჯგუფი ქალაქ ადიამანში სამაშველო ოპერაციას ორ სექტორზე ახორციელებს. უწყების განცხადებით, ადგილზე მოწყობილი საველე შტაბი ქალაქ ადიამანის ოპერატიული მართვის ცენტრთან კოორდინაციით მუშაობს.

„ქართველი მაშველების ახალი ჯგუფი დაკომპლექტებულია მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო და სამაშველო ღონისძიებების განხორციელების მიმართულებით გადამზადებული მეხანძრე-მაშველებით. სამაშველო ჯგუფი, ასევე აღჭურვილია თანამედროვე აკუსტიკური საშუალებებით, დრონებით, კავშირგაბმულობის მანქანითა და ყველა სახის შესაბამისი სპეციალური სამაშველო მოწყობილობებით“ – ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

თურქეთისა და სირიის საზღვართან 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა 6 თებერვალს, ღამით მოხდა. მიწისძვრის შედეგად თურქეთსა და სირიაში ათობით ათასი ადამიანი დაიღუპა, ასობით ათასი კი უსახლკაროდ დარჩა და საკვების, წყლისა თუ სხვა რესურსების ნაკლებობას განიცდის. თურქეთში სტიქიის შედეგად დაღუპულთა შორის საქართველოს 5 მოქალაქეა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა