სასაკლაოების რაოდენობა გაიზარდა - რა არასასიამოვნო ინფორმაცი ვრცელდება?
2022 წლის IV კვარტალში ცხოველთა და ფრინველთა სასაკლაოების რაოდენობა 13 ერთეულით გაიზარდა და შესაბამისად ქვეყანაში 118 სასაკლაო ფუნქციონირებდა.
საქსტატის მიერ გამოქვეყნებული სასაკლაოების, ელევატორებისა და სამაცივრე მეურნეობების გამოკვლევის ძირითადი შედეგების მიხედვით, სასაკლაოთა დიდი ნაწილი - 18.6% ქვემო ქართლის რეგიონში მდებარეობს, 17.8% - კახეთის რეგიონში, 14.4% - იმერეთში, 12.7% - შიდა ქართლში, 11% - სამეგრელო-ზემო სვანეთში, ხოლო 25.4% - სხვა რეგიონებშია განთავსებული.
სასაკლაოების რაოდენობის ზრდის პარალელურად, გასული წლის IV კვარტალში, 2021 წლის ამავე პერიოდთან შედარებით, გაზრდილია დაკლული პირუტყვისა და ფრინველის რაოდენობები და პროდუქტის წარმოების მოცულობებიც გაიზარდა. ამასთან, ოქტომბერ-დეკემბერში თითქმის გაორმაგებულია იმ პირთა რიცხვი, რომელთაც გასული წლის ბოლოს სასაკლაოებმა მომსახურება გაუწიეს.
გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2022 წლის IV კვარტალში სასაკლაოებში დაიკლა 113.3 ათასი სული პირუტყვი, საიდანაც 45.3% - მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, 44.8% - ღორი, ხოლო 9.1% ცხვარი და თხა იყო. დანარჩენი პირუტყვის წილი (არ მოიცავს ფრინველს) 0.8%-ს შეადგენს. გარდა ამისა, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში სასაკლაოებში დაკლული ფრინველის რაოდენობა 3 316.7 ათასი ერთეულით განისაზღვრა.
სასაკლაოების მიერ 2022 წლის IV კვარტალში 14.1 ათასი ტონა ხორცი იქნა წარმოებული (იგულისხმება დაკლული წონა, ფრინველის ხორცის ჩათვლით), საიდანაც 39.1% მოდის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხორცზე, 40.4% - ფრინველის ხორცზე, 19.4% - ღორის ხორცზე, 1.2% - ცხვრისა და თხის ხორცზე, ხოლო დანარჩენს უმნიშვნელო წილი უკავია.
2022 წლის IV კვარტალში, ერთეული პირუტყვის დაკვლაზე მომსახურების საშუალო ფასი შეადგენს: მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის დაკვლის საფასური - 33.7 ლარი, ცხვრის ან თხის დაკვლის საფასური - 12.9 ლარი, ხოლო ღორის დაკვლის საფასური - 28.0 ლარი.