თეგებით ძიება

"ქართული ოცნების“ ძალაუფლების გაძლიერებას მეც შევუწყვე ხელი, ეს ჩემი შეცდომაა - გიორგი გახარია

ექსპრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ თავის ვიდეომიმართვაში საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებაზე ისაუბრა.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილის და "ქართული ოცნების“ ძალაუფლების გაძლიერებას თავადაც შეუწყო ხელი, რასაც ნანობს.

"ერთის მხრივ „ოცნება“ ფაქტობრივად გვეუბნება რომ სახელმწიფო თურმე ბიძინა ივანიშვილია და ის ჩვენ ისე უნდა მოვიქცეთ რომ მისი ფული იყოს დაცული. მეორე მხრივ „ნაციონალური მოძრობა“ გვეუბნება რომ სახელმწიფო მიშა სააკაშვილია და მისი ჯანმრთელობის და კომფორტის გარდა, სხვა არაფერი არ არის მნიშვნელოვანი. 

საბოლოო ჯამში, ორივე მხარე საქართველოს მომავალს ივანიშვილს ან სააკაშვილს სახელს უკავშირებს. ეს სახელმწიფო არც ბიძინაა და არც მიშა. ეს სახელმწიფო ქართველი ხალხის არის, რომელმაც არჩევანი დიდი ხნის წინ გააკეთა და ეს არჩევანი ევროპულ მომავალს უკავშირდება. 

ჩვენ ყველას გვინდა მშვიდობა, ყველაფერს რასაც ვაკეთებთ უნდა გავაკეთოთ მშვიდობის მიზნით, რა თქმა უნდა საქართველოს სჭირდება გონიერი, ფრთხილი და დაბალანსებული საგარეო პოლიტიკა, მაგრამ სინამდვილეში „ოცნების“ ვითომ მშვიდობიანი და ფრთხილი პოლიტიკა, უდიდესი საფრთხის წინაშე აყენებს ამ ქვეყნის მომავალს, დაუცველებს ნამდვილი მეგობრების გარეშე გვტოვებს პირისპირ რუსეთთან.

სამწუხაროდ, საქართველო დღეს ერთმანეთზე წაკიდებულ საზოგადოებად იქცა, ახალგაზრდები ქვეყნიდან გარბიან. გარბიან არა მხოლოდ ეკონომიკური პრობლემების გამო, არამედ პირველ რიგში უიმედობის გამო. გარბიან ევროპაში, აშშ-ში, გარბიან იქ, სადაც თავის მომავალს ხედავენ. მათ აღარ უნდათ სამშობლოში დარჩენა, რომელიც სულ უფრო სწრაფად ბრუნდება წარსულში. 

ამ გამოწვევების ფონზე, რომ მეტი ევროპა მოვიტანოთ საქართველოში ქვეყანა წარსულისკენ მიექანება. სამწუხაროდ ამაში ჩემი წვლილი და პასუხისმგებლობაც არის. ივანიშვილის და „ოცნების“ ძალაუფლების გაძლიერებას მეც შევუწყვე ხელი, რადგან ვერ დავუშვი რომ ადამიანი, რომელსაც ყველანაირი შესაძლებლობა ჰქონდა და საქართველოს ისტორიაში მნიშვნელოვანი პოზიტიური როლი ეთამაშა, გადამწყვეტ მომენტში, შეგნებულად თავისი, პირადი ინტერესების გამო დადგებოდა ისტორიის არასწორ მხარეს და ამას გააკეთებდა არა თვითონ, ღიად, თამამად, ვაჟკაცურად, არამედ დამალული მარიონეტების ზურგს ამოფარებული იმოქმედებდა. 

ეს არის ჩემი შეცდომა და ვალი ქართველი ხალხის წინაშე, თუმცა დღეს არ არის თავის მართლების და წუწუნის დრო. დღეს მოქმედების დროა. რაც არ უნდა მოხდეს, რაც არ უნდა დამიძახონ, რაც არ უნდა დამაბრალონ, სულ მარტო რომ დავრჩე მე ამ ვალს დავაბრუნებ. 

დღეს ჩვენ გვაქვს შანსი ისტორიას დრო მოვუგოთ, გავხდეთ თანამედროვე, ძლიერი ევროპის ნაწილი. არ არსებობს მშვიდობა ევროპული მომავლის გარეშე, არ არსებობს ევროპული მომავალი მშვიდობის გარეშე და ჩვენ ამას ვიმსახურებთ“, - აცხადებს გიორგი გახარია.  


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა