თბილისში პოლიციის ქალაქი აშენდება და ბინას 1000-მდე პოლიციელი მიიღებს - ვახტანგ გომელაური
შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის ინფორმაციით, თბილისში ე.წ. პოლიციის ქალაქი აშენდება და 1000-მდე პოლიციელი ბინას მიიღებს. ამის შესახებ გომელაურმა პარლამენტში, "მინისტრის საათის" ფორმატში მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.
მინისტრის განცხადებით, 2022-2023 წლებში, სამინისტროს თანამშრომლების ხელფასები მთლიანობაში 30%-ით გაიზარდა.
„2022 წლის პირველი იანვრიდან განხორციელდა ჩვენი პოლიციელების, პატრულ-ინსპექტორების, მესაზღვრეების, მეხანძრე-მაშველების და შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა თანამშრომლის ხელფასების 10%-ით ზრდა. 2023 წლიდან კი, შტატიანი თანამშრომლების ხელფასი გაიზარდა 20%-ით, ხოლო დანარჩენი თანამშრომლების - 10%-ით, როგორც ყველა სხვა საჯარო უწყების თანამშრომლების. 2022-2023 წლებში სამინისტროს თანამშრომლების ხელფასები მთლიანობაში 30%-ით გაიზარდა.
მუშაობა დაიწყო "პოლიციის ქალაქის" მშენებლობაზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია. ეს "ქალაქი" აშენდება თბილისში, პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე და პირველ ეტაპზე, 1000-მდე პოლიციელი მიიღებს ბინას. რა თქმა უნდა, ეს იქნება ჩვენი პოლიციელებისთვის მნიშვნელოვანი წახალისება," - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.