"მამუკა მდინარაძემ ბოდიში უნდა მოუხადოს საქართველოში მცხოვრებ მუსლიმებს“ - ტარიელ ნაკაიძე
პარლამენტის წევრი, ტარიელ ნაკაიძე აცხადებს, რომ ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ საქართველოში მცხოვრებ მუსლიმებს შეურაცხყოფისთვის ბოდიში უნდა მოუხადოს.
საუბარია მამუკა მდინარაძის განცხადებაზე, რომლითაც მან ქვეყანაში არსებულ რადიკალურ ისლამიზმის საფრთხეზე ყურადღება “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე საუბრისას გაამახვილა.
“ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს უკავშირებს თითქოსდა ქვეყანაში არსებულ რადიკალურ ისლამიზმს.
ამ განცხადებით “ქართული ოცნება“, კერძოდ კი, ბატონი მდინარაძე მართლაც და, ამ რუსული კანონის გატანის მცდელობით საქართველოში მცხოვრები მუსლიმების მიმართ მიზანმიმართულად სიძულვილის გაღვივებას ეწევა.
რას ნიშნავს რადიკალური ისლამი? თუ ქვეყანაში არსებობენ ადამიანები, ვინც ძალადობრივ ქმედებებს სჩადიან ან მოუწოდებენ, რას აკეთებს ქვეყნის უსაფრთხოების სამსახური? მდინარაძის ეს განცხადება ქვეყანაში ისლამოფობიის გაღვივებას და სხვადასხვა რელიგიური ორგანიზაციის დისკრედიტაციას ემსახურება. სწორედ ეს არის ჩვენი შიშები ამ კანონის მიღების შემდეგ, ხელისუფლების ქმედებების მიმართ კრიტიკულად განწყობილი სამოქალაქო და რელიგიური ორგანიზაციები გამოაცხადონ აგენტებად და ყოველგვარი საფუძვლის გარეშე შეზღუდონ მათი საქმიანობა.
აქამდე თუ საქართველოს მუსლიმი საზოგადოების ძალადობრივ ნაწილად წარმოჩენა ხელისუფლების თვითმიზანი იყო, ახლა უკვე მას “ქართული ოცნება“ ინსტრუმენტად იყენებს ვიწრო პოლიტიკური მიზნების მისაღწევად. პირველ რიგში, მუსლიმი თემის ინტერესია, რომ მის წიაღში არ ხდებოდეს ძალადობისკენ მოწოდება და რადიკალურ ექსტრემისტული ჯგუფების ორგანიზება, რადგან მოძალადე და ექსტრემისტი არ არჩევს მუსლიმს და არამუსლიმს“, - განაცხადა ტარიელ ნაკაიძემ.
ნაკაიძე კანონპროექტის ერთ-ერთ ავტორს სოზარ სუბარს მიმართავს, განმარტოს თავისი თანაგუნდელის მიერ წარმოთქმული ტერმინი, თუ რას ნიშნავს რადიკალური ისლამიზმი და ეთანხმება თუ არა ასეთ გამოთქმებს.
"მამუკა მდინარაძემ ბოდიში უნდა მოუხადოს საქართველოში მცხოვრებ მუსლიმებს ასეთი შეურაცხყოფისთვის.
"აისისის" მუქარის ადრესატი არაერთხელ გავმხდარვარ. თუ საქართველოში ფინანსდებიან ექსტრემისტული მოძრაობები, რასაც ისლამთან საერთო არაფერი აქვს, მაშინ როგორ მოქმედებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური?
ყველაფერი ნათელია, “ქართულ ოცნებას“ საქართველოს კონტექსტში რადიკალურ ისლამზე საუბარი სჭირდება რუსული კანონის გასატანად“, - განაცხადა ტარიელ ნაკაიძემ.
წყარო: ambebi.ge