„ფაქტობრივად მზადდება კლანური გადატრიალება“ - რას წერს რომან გოცირიძე?
დეპუტატი, რომან გოცირიძე პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილის მიერ ეროვნული ბანკის კანონპროექტზე ვეტოს დადებას გამოეხმაურა და სოციალურ ქსელში დაწერა.
“სალომე ზურაბიშვილმა ეროვნული ბანკის კანონს ვეტო დაადო. სწორად მოიქცა, ნაწილობრივ გამოასწორა თავისი წინა შეცდომები, როდესაც დააძალეს და ეროვნული ბანკის საბჭოში შეაყვანინეს ჯერ ფინანსთა მინისტრის მოადგილე, შემდეგ ეკონომიმიკის მინისტრი, მერე მისივე მოადგილე (ანუ, ყველა ყოფილები) და ბოლოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტად უნდა დაესვათ მოქმედი ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი.
ფაქტობრივად მზადდება კლანური გადატრიალება. ეს საფრთხე იგრძნო სავალუტო ფონდმაც, რომელმაც მწვავე შეფასება მისცა ამ კანონს, სადაც პირველი მოადგილის პოსტი უნდა შემოღებულიყო, რომელიც იქნებოდა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, სანამ სალომე ზურაბიშვილს არ დაიყოლიებდნენ.
სალომე ზურაბიშვილმა უნდა მიბაძოს გიორგი მარგველაშვილს, უნდა შექმნას კომპეტენტური კომისია და გამოაცხადოს კონკურსი ეროვნული ბანკის საბჭოს ორი ვაკანტურტური წევრის ასარჩევად, საიდანაც ერთ-ერთი შემდეგ გახდება ეროვნული ბანკის პრეზიდენტი”, - დაწერა რომან გოცირიძემ.
ცნობისთვის, პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებებს ვეტო დაადო.