თეგებით ძიება

გელათის სამონასტრო კომპლექსში სარესტავრაციო სამუშაოებს საპატრიარქო უხელმძღვანელებს

გელათის სამონასტრო კომპლექსში მიმდინარე სარესტავრაციო სამუშაოებს საპატრიარქო უხელმძღვანელებს, ხოლო კულტურის სამინისტრო მიმდინარე სამუშაოებს ფინანსურად უზრუნველყოფს. ინფორმაციას „პირველი არხი“ ავრცელებს. 

შესაბამისი გადაწყვეტილება ეროვნულ მუზეუმში გამართულ შეხვედრაზე მიიღეს. შეხვედრას კულტურის მინისტრ თეა წულუკიანთან ერთად საპატრიარქოს წარმომადგენლები, არქიტექტორ-რესტავრატორები, ხელოვნებათმცოდნეები და პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე ესწრებოდნენ.

„ჩვენი დისკუსია დავაფუძნეთ იმ პრობლემებს, რომლის აღმოფხვრაც გელათის სამონასტრო კომპლექსში ჩემი მინისტრობისას ძალიან აქტიურად დაიწყო. შევთანხმდით შემდეგზე, რომ საქართველოს საპატრიარქო იზიარებს ჩემს ინიციატივას, რომ გელათის სამონასტრო კომპლექსში პრობლემების აღმოფხვრის პროცესს, კონსერვაციის პროცესს და რესტავრაციის პროცესს, როცა ამის დრო დადგება როგორც კედლის მხატვრობაზე, ასევე გადახურვაზე სრულად სათავეში ჩაუდგეს საქართველოს საპატრიარქო და სამინისტრო აღარ იყოს ამ პროცესში წამყვანი.

სამინისტრო იმ ფინანსურ რესურსს, რომელიც თავად უნდა დაეხარჯა, გადასცემს საქართველოს საპატრიარქოს და ის ამ ფინანსური რესურსით შეძლებს უკვე, წარმართოს პრობლემების აღმოფხვრის პროცესი, როგორც ძირითადი ტაძრის შიგნით და გარშემო, ასევე სხვა კომპლექსის კომპონენტებთან დაკავშირებით. იქ არაერთი სხვა პრობლემაც არის, რომლების მოგვარების პროცესი დაწყებული გვქონდა და ამ პრობლემების მოგვარებას გააგრძელებს საქართველოს საპატრიარქო“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

მისივე თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ გელათის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით დისკუსიის პლატფორმა და ფორმატი იქნება საქართველოს საპატრიარქოში.

„ასევე შევთანხმდით იმაზე, რომ ის ლოგისტიკური საშუალებები, რაც იქნება მათთვის საჭირო ამ პროცესის განსახორციელებლად მაგალითისთვის, ის მაღალი სტანდარტის და უსაფრთხო სიცოცხლისთვის ხარაჩოები, რომლებიც ჩვენ 2021 წლის დეკემბერში შევიძინეთ, დაახლოებით 900 ათასი ლარის ღირებულების, ასევე უსასყიდლო სარგებლობაში გადაეცემა ჩვენ მიერ საქართველოს საპატრიარქოს და რასაკვირველია, ისინი სწორედ ამის წყალობით შეძლებენ რომ იქ კონსერვაციის სამუშაო წარიმართოს სრულფასოვნად.

ასევე, შევთანხმდით, რომ დისკუსიის პლატფორმა და ფორმატი იქნება საქართველოს საპატრიარქოში, მათი თაოსნობით. სწორედ იქ შეეძლება ყველა ხელოვნებათმცოდნეს, პროფესიონალს მონაწილეობის საშუალება და იმედი მაქვს, პოლიტიკისგან დაცლილ დისკუსიაში მიიღებენ მონაწილეობას.

გასაგებია, რომ საქართველოს საპატრიარქოში ვერავინ ვერ შეიტანს პოლიტიკურ ელემენტს და ვფიქრობ, რომ ეს ძალიან კარგი იქნება სამომავლოდ ძეგლის ინტერესიდან გამომდინარე. ასე განაწილდა პასუხისმგებლობები. მინდა, ჩვენს ეკლესიას, რომლის შვილებიც ვართ ყველანი, გელათის სამონასტრო კომპლექსში შექმნილი პრობლემების აღმოფხვრის პროცესში დიდი წარმატებები ვუსურვო“, - განაცხადა კულტურის მინისტრმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა