სად გამოვხატე უკმაყოფილება? არავის წინაშე არ ვარ ვალდებული, რომ ნებართვა ვითხოვო, ვინ დავიქირავო და ვინ გავუშვა - რამ გააბრაზა გიული ალასანია?
მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია საკუთარ განცხადებებს უარყოფს და ამბობს, რომ კომპანია Akerman-ის მუშაობით უკმაყოფილება არ გამოუთქვამს.
„სად გამოვხატე უკმაყოფილება? არ არის ეს სწორი. მაჩვენეთ, სად ვთქვი, რომელ კომენტარში? მე არავის წინაშე არ ვარ ვალდებული, რომ ნებართვა ვითხოვო - ვინ დავიქირავო და ვინ გავუშვა. არაფერი არ შემიცვლია. თქვენ იგონებთ ამას. ამ წუთში ჩემი მიზანია, გადავარჩინო ჩემი შვილის სიცოცხლე. თქვენი მიზანი რა არის, რომ მოკლათ? რაც უფრო მეტი პროფესიონალი იქნება ამ საქმეში, ამას ექნება მეტი დამაჯერებლობა“, - აცხადებს გიული ალასანია.
23 თებერვალს გიული ალასანიამ განაცხადა, რომ სააკაშვილის გათავისუფლების მიზნით დაქირავებული ამერიკული კომპანიის მუშაობით უკმაყოფილოა, რადგან მის მუშაობას უარყოფითი შედეგი მოჰყვა.
„ჩვენ დაქირავებული გვყავდა იურისტი, რომელმაც იმუშავა. ეს ეტაპი უკვე დასრულდა უარყოფითი შედეგით, იმიტომ რომ იცით, რომ პრაქტიკულად ვერაფერი მივიღეთ“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილის დედამ.