როდესაც ტაკიმასხარა ხარ, ძნელია რამე ცვლილებას ჩაუყარო საფუძველი - თეა წულუკიანი ხაბეიშვილზე
კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის შესახებ საუბრობს და მას ტაკიმასხარას უწოდებს.
"სადაც უნდათ, რამდენჯერაც უნდათ, როგორც უნდათ, ვისთან ერთადაც უნდათ იმდენი აქცია გამართონ და უნდა გამართონ, რადგან ეს უზრუნველყოფილია კონსტიტუციით. მეორე საქმეა, ეს აქციები მათთვის რას მოიტანს ან სახელმწიფოში რა ცვლილებებს ჩაუყრის საფუძველს. ვფიქრობ, არაფერსაც არ მოიტანს, რადგან მათ ბოლომდე დაკარგული აქვთ ამომრჩევლის ნდობა, საზოგადოების ნდობა. ვხედავთ, ერთმანეთშიც კი ვერ თანხმდებიან. ლიდერების რეპუტაციას და ავტორიტეტს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, როდესაც შენ გაქვს პრეტენზია, რომ ხალხი გააერთიანო და შემდეგ რაღაც ცვლილებებს ჩაუყარო საფუძველი სახელმწიფოში და ხარ ტაკიმასხარა, ამ შემთხვევაში ვგულისხმობ „ნაციონალური მოძრაობის“ ვითომ თავმჯდომარეს, რა თქმა უნდა, ძნელია, რამე ცვლილებას ჩაუყარო აქციების სახით საფუძველი. როდესაც რეპუტაცია განულებული აქვს პოლიტიკურ ვითომ ლიდერს, მის უკან ხალხი ვერ დადგება, ამიტომ კრიზისი და კიდევ ერთხელ პოლიტიკური კრიზისი არის ოპოზიციაში, ეს მათ თავად უნდა მოაგვარონ, ამიტომ მე შეშფოთების ვერანაირ საფუძველს ვერ ვხედავ, რომ მათ რაიმე უკანონო პროცესების მართვა შეუძლიათ, მაგრამ რაც მეტჯერ დაანახებენ თავიანთ გაკოტრებულ სახეს აქციებზე, მით უფრო კარგი იქნება“, - განაცხადა მინისტრმა.