თეგებით ძიება

"არ არსებობს უკეთესი მოწოდება და საქმე, ვიდრე სიყვარულისა და ღირსების მსახურებაა" - გია მურღულია

ფილოლოგი, გია მურღულია სოციალურ ქსელში წერს, რომ არც ერთი პარტიის წევრი არ ყოფილა და იმ გენიოსებს ასახელებს, ვისი  მიმდევარიც არის.

"არასდროს, ერთის გარდა, რომელიმე პარტიის წევრი არ ვყოფილვარ და არ ვარ.

იმ ერთს "ადამიანი" ჰქვია.

ჩემი თანაპარტიელები არიან:

ლაო-ძი, კონფუცი, სოკრატე, პლატონი, ომარ ხაიამი, ჰაფეზი, ჯალალ ედ-დინ რუმი, რუსთველი, სულხან-საბა, გურამიშვილი, ბერნარ ფონტელენი, მიშელ მონტენი, ილია, ვაჟა, აკუტაგავა, ჰემინგუეი, სელინჯერი, მარკესი, ბორხესი, ტონინო გუერა... საქართველო, დედაჩემი, მამაჩემი, ჩემი დიდი ოჯახი - მეუღლე, შვილები, შვილიშვილები, ძმები - და ყველაზე ახლობელი 3-4 მეგობარი.

პატივს მივაგებ ყველას, ვისთვისაც უარსაყოფი სიტყვები არ არის: "ღმერთი", "სამშობლო", "თავისუფლება", "ღირსება" და "მოყვასი".

ჩემს მოსწავლეებსაც ვასწავლი, რომ კაცის პარტია მის სულში უნდა იყოს და არა სადმე გარეთ.

არ არსებობს უკეთესი მოწოდება და საქმე, ვიდრე სიყვარულისა და ღირსების მსახურებაა.

დღესაც ვეცდები, ეს შეძლებისდაგვარად ბევრ ადამიანს ვუთხრა, ავუხსნა და გავაგებინო.

პირველყოვლისა - საკუთარ თავს.

ეს ისეთი ჭეშმარიტებაა, რომლის განახლებითა და ხელახალი დაბადებით უნდა იწყებოდეს ყოველი დღე.

ამ ფიქრით გავაძლიეროთ ერთმანეთი და ვუერთგულოთ ერთადერთ პარტიას, რომელსაც ალტერნატივა არასდროს და არსად აქვს.

მოგესალმებით, თანაპარტიელებო - გარდასულებო, ახლა მყოფნო და ჯერ არდაბადებულნო!

ჩვენ ერთი სისხლისანი ვართ - თქვენ და მე!

ამ სისხლით სამყარო, სამშობლო და ადამიანები ერთმანეთს არ მტრობენ - მზერა ნათელია, საქმე - კეთილი, სიტყვა - მშვიდი, ფიქრი - ჰარმონიული, სულის მუსიკა - კეთილშობილი.

ახლა წავალ და სკოლაში ბავშვებს ვეტყვი, რომელი პარტიაა მათ ცხოვრებაში მთავარი.

იქნებ დამიჯერონ კიდეც", - წერს მურღულია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა