მთავრობას და ეროვნულ ბანკს სჭირდება მეტად კოორდინირებული, ჯანსაღი თანამშრომლობა - ირაკლი ღარიბაშვილი
დღეს უკვე ბიუჯეტის დეფიციტი გვაქვს 2.8 პროცენტი, შარშან ასევე გვქონდა 10 %-ანი ეკონომიკური ზრდა, მნიშვნელოვნად შევამცირეთ საგარეო ვალი, თითქმის 38 %-მდე ჩამოვწიეთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის საქმიანობის შემაჯამებელ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ბატონმა კობამ თავის გამოსვლაში აღნიშნა ეროვნული ბანკის მნიშვნელობა და გაიხსენა ისტორია. ასევე მინდა ჩემი მხრიდან დავადასტურო, რომ ჩვენ რა თქმა უნდა, პატივს ვცემთ ბანკის დამოუკიდებლობას, რომელიც კონსტიტუციითაა გამყარებული, მაგრამ აქვე უნდა აღვნიშნო, რომ რა თქმა უნდა, მთავრობას და ეროვნულ ბანკს ჭირდება მეტად კოორდინირებული, ჯანსაღი თანამშრომლობა. სწორედ ამის შედეგია ის, რაც მოგახსენეთ. მინდა, გულწრფელი მადლობა გადავუხადო ბატონ კობა გვენეტაძეს.
ჩვენ არა ერთი საუბარი გვქონია, ყოფილა განსხვავებული შეხედულებებიც, ჯანსაღი კამათიც, კრიტიკაც, მაგრამ საბოლოო ჯამში ყოველთვის ვთანხმდებოდით მთავარზე - ქვეყნის ეროვნულ ინტერესებზე", - განაცხადა ღარიბაშვილმა.