საქართველოს ეს კანონი არ სჭირდება - კელი დეგნანი „უცხოური გავლენის აგენტებთან“ დაკავშირებულ კანონპროექტზე
საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის შეფასებით, „უცხოური გავლენის აგენტებთან“ დაკავშირებული კანონის მირება საქართველოს არ სჭირდება.
როგორც დიპლომატი აცხადებს, ეს კანონპროექტ შესაბამისობაშია რუსულ კანონმდებლობასთან, რომელიც ახდენს სამოქალაქო საზოგადოების სტიგმატიზაციას და ახშობს განსხვავებულ მოსაზრებებს.
მისივე თქმით, ეს კანონმდებლობა ძირს უთხრის იმას, რასაც საქართველო ამდენი წელია აშენებს.
„ყოველდღე ახალ-ახალი მიზეზი ჩნდება, რატომ შემუშავდა ეს კანონმდებლობა. თავდაპირველად იყო გამჭვირვალობა, მაშინ, როდესაც არსებობს ძალიან დიდი გამჭვირვალობა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ხდება უცხოური წყაროებიდან ქართველების დახმარება. შემუშავებული კანონპროექტი შეუშლის ხელს ქართველებს, რომლებიც ეხმარებიან სხვა ქართველებს, ქართველებს, რომლებიც ცდილობენ პრობლემების გადაჭრას თავიანთ თემებში და სთავაზობენ სერვისებს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა კლიმატის ცვლილებები, ახალგაზრდა ადამიანების, უნარშეზღუდული ადამიანების დახმარება.
ეს კანონპროექტი, როგორც ჩანს შესაბამისობაშია რუსულ კანონმდებლობასთან, რომელიც ახდენს სამოქალაქო საზოგადოების სტიგმატიზაციას, ახშობს განსხვავებულ მოსაზრებებს. ხედავთ, რაც ხდება რუსეთში, რუსული კანონი ძალიან ეფექტურად მოქმედებს სამოქალაქო საზოგადოებისა და განსხვავებული მოსაზრების ჩახშობის თვალსაზრისით. საქართველომ ძალიან ბევრი იშრომა იმისათვის, რომ აეშენებინა დემოკრატია, დაეცვა საკუთარი თავისუფლება, ეს კანონმდებლობა ძირს უთხრის იმას, რასაც საქართველო ამდენი წელია აშენებს. სწორედ ამიტომ საქართველოს პარტნიორები, როგორიცაა აშშ, ევროკავშირი, გაერო და სხვადასხვა ორგანიზაციები გამოთქვამენ შეშფოთებას ამ საკითხთან დაკავშირებით. ჩემი აზრით, საქართველოს ეს კანონი არ სჭირდება და კითხვას, რატომ იღებთ ამ კანონს, ვფიქრობ, პასუხი უნდა გაეცეს”, - აღნიშნა ელჩმა.
ცნობისთვის, „ხალხის ძალის“ მიერ შეთავაზებული კანონით, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, შეიქმნება უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი, სადაც დარეგისტრირდება ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედიასაშუალება, რომელთა შემოსავლების 20 პროცენტზე მეტი ფინანსდება უცხოური ძალების მიერ.