ივანიშვილმა უკვე მთლიანად ჩამოიხსნა ნიღაბი - რომან გოცირიძე
დეპუტატმა, რომან გოცირიძემ ე.წ. უცხოური აგენტების კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა, რომ აღნიშნული კანონპროექტი პოლიტიკურად ძალიან წამგებიანია ხელისუფლებისთვის და მაინც რომ აპირებენ მიღებას, მიუთითებს იმაზე, რომ მათ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი რეალურად არ სურთ.
„ეს კანონი მართლა საშინელებაა, არა შინაარსით რომელიც თავისთავად არ ვარგა, არამედ იმის გამო, თუ რატომ მოუნდათ ამის გაკეთება, როგორ გაბედეს საერთოდ? როგორ მოუვიდათ თავში, რომ ასეთ კანონს სთავაზობენ ქვეყანას მაშინ, როდესაც ევროკავშირში გაწევრიანების ბედი წყდება რამდენიმე თვეში. რეალურად ამ კანონის ინიცირება ნიშნავს, რომ ხელოვნურად ქმნი იმის საბაბს, რომ არ მიგვიღონ ევროკავშირში და არ მოხდეს კანდიდატად საქართველოს წარდგენა. მთლიანად ჩამოიხსნა უკვე ივანიშვილმა ნიღაბი.
ამ კანონით არასამთავრობო ორგანიზაციებს დასჯიან და შეამოწმებენ, 10 ათასი არასამთავრობო ორგანიზაციაა დარეგისტრირებული. არა მარტო არასამთავრობოებს ეხება კანონი, არამედ ეხება ბიზნეს გაერთიანებებს. უამრავი ფული, რომელიც იხარჯება დღეს სოფლის მეურნეობაში და სხვადასხვა ასოციაციების კუთხით, ოჯახებს ხმარდება, შიმშილს და სიღატაკეს სწორედ ამ თანხებმა და დასავლურმა დახმარებამ გადაარჩინა საქართველო. ამის წინააღმდეგ ილაშქრებენ, თითოეულ ოჯახში შედიან და ჯიბეში უყოფენ ხელს. როდესაც ასეთი მძიმე გადაწყვეტილების მიღება გიწევს, პოლიტიკურად ძალიან წამგებიანის, საზოგადოებრივად ძალიან მგრძნობიარე და მაინც აკეთებ, უნდა ვივარაუდოთ, რომ მართლაც არ უნდათ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, ვინაიდან, მას მოსდევს უკვე რეალური ვალდებულებები. ეს კი არა, რაღაც სასაცილო, 12 პუნქტი რა არის, სახალხო დამცველი უნდა აირჩიო კონსენსუსით, პროკურორი უნდა აირჩიო 100 პარლამენტარით, ელემენტარული რაღაცებია საარჩევნო კანონთან დაკავშირებითაც. ელემენტარულია 12 რეკომენდაცია, გეუბნებიან, რომ გადახტი 10 სმ-ზე და გადაგიყვან მეორე საფეხურზე და ამასაც არ აკეთებ“, - განაცხადა რომან გოცირიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში.