საწვავის ქურდობისთვის 8 პირი დააკავეს, მათ შორის 2 შსს-ს დაცვის პოლიციის თანამშრომელია
შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი ქურდობის ბრალდებით, 8 პირი დააკავეს, მათ შორის ორი შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელია.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, სპეციალურად დამონტაჟებული სატუმბის - ე.წ. პომპის მეშვეობით, თბილისში, რკინიგზის მახარისხებელ სავაგონო პარკში არსებული, ერთ-ერთი კომპანიის კუთვნილი ვაგონ-ცისტერნიდან დიდი ოდენობით საწვავს იპარავდნენ.
სამართალდამცველებმა, ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს ვაგონ-ცისტერნიდან მოპარული დაახლოებით ტონა-ნახევარი საწვავი, რომელიც მოთავსებული იყო 87 ცალ 20-ლიტრიან ბიდონში. ასევე ამოღებულია 127 ცარიელი 20-ლიტრიანი ბიდონი", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.