„ამჯერადაც თუ შეცდნენ, ბოდიშს მაინც თუ მოიხდის ვინმე?“ - რას წერს დავით ზურაბიშვილი?
„რესპუბლიკური პარტიის“ ყოფილი ლიდერი, დავით ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება სახალხო დამცველის კანდიდატად პარტია „მოქალაქეების“ წევრის, ლევან იოსელიანის წარდგენას.
„სახალხო დამცველის კანდიდატზე.
როდესაც უჩა ნანუაშვილი დანიშნა პარლამენტმა სახალხო დამცველად, მაშინდელი ოპოზიცია ნაცმოძრაობის სახით აცხადებდა, რომ ის არის ქოცი და ბიძინას წინააღმდეგ არასდროს წავა.
შეცდნენ.
როდესაც ნინო ლომჯარია დაინიშნა, მაშინაც ხმაურობდა იგივე ხალხი, ეგ ჩუგოშვილის მეგობარია და კაი ხნის გაქოცებულიო.
ისევ შეცდნენ.
ახლა ლევან იოსელიანის კანდიდატურა გამოჩნდა, რასაც შეიძლება ხელისუფლება დათანხმდეს კიდეც და რომლის ნაკლი პრინციპში მხოლოდ ისაა, რომ ნაცი არ არის. აბა, სხვა მხრივ რა აქვს დაშავებულიო რომ ეკითხები მის მაგინებლებს, პასუხად არაფერი კონკრეტული არ ისმის გარდა იმისა რომ ის ქოცია, სუპერქოცია, ობერქოცია, მეგაქოცია და ა. შ. ბიძინას მონაა.
ჰოდა, საინტერესოა, ამჯერადაც თუ შეცდნენ, ბოდიშს მაინც თუ მოიხდის ვინმე?
P. S. ვიცი, რომ რიტორიკული კითხვაა, ვიცი.
P. P. S. ყოველ შემთხვევისთვის იმასაც შეგახსენებთ, რომ სახალხო დამცველის არჩევა ევროკავშირის 12 პუნქტიანი მოთხოვნებიდან ერთ-ერთია“, - წერს დავით ზურაბიშვილი.