რუსეთში გაზისგან და ნავთობისგან შემოსავალი იანვარში 40%-ით შემცირდა
დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების გამო რუსეთში გაზის და ნავთობის ექსპორტისგან მიღებული შემოსავალი 2023 წლის იანვარში 40%-ით შემცირდა. ინფორმაციას "ეხო კავკაზა“ ავრცელებს.
საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარში რუსეთის შემოსავალმა ენერგომატარებლების გაყიდვისგან 18 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო შარშან ეს მაჩვენებელი 30 მლრდ დოლარი იყო.
სააგენტოს აღმასრულებელი დირექტორი ფატიხ ბიროლი ამბობს, რომ სანქციების მიზანია რუსეთში შემოსავლის შემცირება, რათა მას უკრაინაში ომის გაგრძელების საშუალება არ ჰქონდეს. მისივე თქმით, დასავლეთმა მოახერხა რუსული ნავთობის და გაზის ექსპორტის შემცირება და, ამასთანავე, ენერგომატარებლებზე ფასის კატასტროფული ზრდა არ დაუშვა. მისივე პროგნოზის მიხედვით, ნავთობის და გაზის გაყიდვისგან რუსეთის შემოსავალი მომდევნო თვეებში კიდევ უფრო შემცირდება.