როცა ვემშვიდობებოდი, ბოდიში მომიხადა, მითხრა რომ ჩემი აცილება, მისი სურვილი არ იყო - რას ამბობს ესებუას ადვოკატი?
„საქართველოს ბანკზე“ თავდასხმაში ბრალდებული, ბადრი ესებუას ადვოკატმა, ალექსანდრე კობაიძემ, რომელიც ესებუამ დღეს სასამართლო დარაბაზიდან დაითხოვა, განაცხადა, რომ ესებუაზე მიმდინარეობს ზეწოლა. მისი თქმით, ბრალდებულმა დამშვიდობების წინ უთხრა, რომ ადვოკატის აცილება მისი სურვილით არ მომხდარა.
„როგორც ვვარაუდობდი, დადასტურდა პროცესზე, რომ ბადრი ესებუაზე მიმდინარეობს კოლოსალური ზეწოლა. დღეს დადასტურდა, რომ მას ათქმევინეს, რომ ერთ-ერთი ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე უნდა აეცილებინა. ეს არის არნახული ზეწოლა, რომელიც ამ შემთხვევაში ხორციელდება მასზე. რომ ვემშვიდობებოდი, ბოდიში მომიხადა და მითხრა, რომ ეს მისი სურვილი არ იყო და ეს გააკეთებინეს. მე მომეცემა იმის შესაძლებლობა, რომ ბადრი თავად მოვინახულო მესამე დაწესებულებაში და შესაბამისად გავისაუბროთ აღნიშნულთან დაკავშირებით, რადგან ერთი არის თუ როგორ მოქმედებს ბრალდებული და მეორე არის რეალობა, თუ რამ განაპირობა აღნიშნული ქმედების განხორციელება. ფაქტია, რომ ძალოვან უწყებებს როგორც უნდათ ისე მართავენ ამ პროცესს და ძალიან სამწუხაროა, რომ ამ შემთხვევაში ბადრი ესებუა და მისი ოჯახი ეწირება ვიღაცის მიზნებს და ამოცანებს", - განაცხადა ალექსანდრე კობაიძემ.
„საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალზე თავდასხმაში და მძევლების აყვანაში ბრალდებული ბადრი ესებუა სოფელ ჯიხაშკარში 8 თებერვალს დააკავეს.