2023 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია დაიწყო - დეტალები აბიტურიენტებისთვის
2023 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია დაიწყო და ის 3 აპრილის 18:00 საათამდე გაგრძელდება.
რეგისტრაცია მიმდინარეობს მხოლოდ ელექტრონულად შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე online.naec.ge.
აბიტურიენტს შეუზღუდავი რაოდენობით შეუძლია საგანმანათლებლო პროგრამების არჩევა.
აბიტურიენტთა რეგისტრაციის პროცესი წელსაც რამდენიმე ეტაპად ჩატარდება:
პირველ ეტაპზე აბიტურიენტი ვალდებულია შეავსოს პირადი მონაცემები, აირჩიოს საგამოცდო ქალაქი, ჩასაბარებელი საგნები და საჭიროების შემთხვევაში მონიშნოს სპეციალური პირობა;
საგნის შეცვლა ან დამატება, ასევე გამოცდის ენის შეცვლა აბიტურიენტებს 13 აპრილის 18:00 საათამდე შეეძლებათ;
საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში ცვლილებების შეტანის შესაძლებლობა გამოსაცდელებს აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის 18:00 საათამდე ექნებათ.
აღსანიშნავია, რომ გარდა 2023 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისა, დღეს დაიწყო რეგისტრაცია საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის, ასევე სტუდენტთა საგრანტო კონკურსისთვის და 3 აპრილის 18:00 საათზე დასრულდება.
აბიტურიენტებმა, რომლებსაც ესაჭიროებათ სპეციფიკური საგამოცდო გარემოს შექმნა, რეგისტრაციის დროს უნდა მონიშნონ - „სპეციალური პირობები“ და შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში 13 აპრილის 18:00 საათამდე უნდა წარმოადგინონ შესაბამისი ჯანმრთელობის ცნობა (ფორმა N100).
განაცხადები მიიღება თბილისში მისამართზე: ე. მინდელის N9. რეგიონებში კი ადგილობრივ საგანმანათლებლო რესურსცენტრებში.
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული.