გადავადება იქნება მხოლოდ ერთხელ თანხის, 10 000 ლარის სანაცვლოდ - რას ამბობს ჯუანშერ ბურჭულაძე სავალდებულო სამხედროლ სამსახურზე?
თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ თავდაცვის ახალ კოდექსთან დაკავშირებით ისაუბრა.
მინისტრმა განაცხადა, რომ პირველ ეტაპზე შესაძლოა გაწვევა სტუდენტთა მცირე ნაწილს შეეხოს, თუმცა, ვის შეეხება, ავტომატურად თუ არ ხდება არჩევა, ვინ ირჩევს და რა პრინციპით, ეს ისევ არ უთქვამს. როგორც მინისტრი ამბობს, კანონი ეხება იმ სტუდენტებსაც, ვინც უცხოეთში სწავლობს.
“სტუდენტს ექნება არჩევანის საშუალება, ასევე ექნება უფლება გამოხატოს საკუთარი ნება და ნებაყოფლობით გაიაროს გაწვევამდე სავალდებულო სამსახური. ნებისმიერ სტუდენტს წლის განმავლობაში შეეძლება, მხოლოდ ზაფხულში 1 თვით გაიაროს მომზადება და აღარ იქნება იგი ვალდებული სავალდებულო სამსახურის მიმართ.
უცხოეთში ვინც სწავლობს იმ სტუდენტებს რაც შეეხებათ – მათაც ექნებათ იგივე საშუალება, შეიძლება სტუდენტმა ისწავლოს საზღვარგარეთ, აირჩიოს ეს პროგრამა და წლის განმავლობაში ერთხელ – ზაფხულში ჩამოვიდეს და გაიაროს საწყისი მომზადების კურსი.
გადავადება იქნება მხოლოდ ერთხელ – თანხის, 10 000 ლარის სანაცვლოდ. იგი ავტომატურად აღარ მოხვდება შესარჩევთა სიაში და ავტომატურად იქნება ვალდებული შემდეგ წელს გაიაროს სავალდებულო სამსახური,”- განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ "ღამის კურიერის” ეთერში.
ცნობისთვის, თავდაცვის სამინისტროს ახალი "თავდაცვის კოდექსის" მიხედვით, სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლა ყველა წვევამდელს მოუწევს, მათ შორის სტუდენტებსაც.