თბილისის ბინა ბანკში ჩავდე ამის დასამთავრებლად - როგორია თამრიკო ჭოხონელიძის სახლი საგურამოსთან? (ფოტოები)
მომღერალი და კომპოზიტორი, თამრიკო ჭოხონელიძე აცხადებს, რომ ახალი სახლი აქვს.
როგორც ცნობილია, დაახლოებით ოცი წლის წინ, საგურამოდან 3 კმ-ში მდებარე სოფელ არაშენდაში თამრიკო ჭოხონელიძემ მიწის ნაკვეთი იყიდა. ეჩხუბებოდნენ, რად გინდა, სახლს ხომ მაინც ვერ ააშენებო. ისე მოხდა, რომ კეთილი ადამიანების დახმარებით სახლს საძირკველი ჩაეყარა და მშენებლობაც დაიწყო. თამრიკოს მამა, ბატონი კუკური, უზომოდ გახარებული იყო ამ ამბით.
"არაშენდაში ჩემს მეგობრებთან, სრულიად შემთხვევით აღმოვჩნდი. ეს სოფელი საგურამოდან ხუთი წუთის სავალზეა. პირველ რიგში, საგურამოსგან განსხვავებით, სიმშვიდემ მომხიბლა. ჩემთვის საგურამო ნაკლებად კომფორტულია დასასვენებლად იმიტომ, რომ ქალაქს წააგავს თავისი ცხოვრების წესით. ყოველთვის მინდოდა, სოფელი მქონოდა.
ჯერ ერთი, ფოლკლორისტი ვარ და, ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, სოფელი, გლეხები და მათთან ურთიერთობა მიყვარს. მერე, გვერდით გყავს ადამიანი, ვისაც აქვს რძე, ყველი, კვერცხი... ყველა პროდუქტი ბუნებრივი და ნატურალურია. დიდ სიამოვნებას მანიჭებს ასეთი სამეზობლო და ჩემთვის სულის მკვებავია ეს ურთიერთობები. მაშინ ვთქვი, ნეტავ როდესმე თუ მოვახერხებ, მსგავს ადგილზე პატარა ქოხი მქონდეს-მეთქი.
სულ ცოტა ხანში ჩემი მეგობარი მირეკავს და მეუბნება, არაშენდაში ჩემ გვერდით ნაკვეთს ძალიან იაფად ყიდიანო. სასწრაფოდ ფული შევაგროვე მთელ სანათესავოში და ვიყიდე ადგილი, რომლისთვისაც ხუთი წელი ხელი არ დამიკარებია. იცინოდნენ, ეზო აქვს და ამით კმაყოფილდებაო", - აცხადებს ჭოხონელიძე.
წყარო: შინ.GE