უარს ვამბობთ ნიკოლოზ სამხარაძის სალექციო კურსის გავლაზე - სტუდენტებმა დეპუტატ ლექტორს ბოიკოტი გამოუცხადეს
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორს, უმრავლესობის დეპუტატს, ნიკოლოზ სამხარაძეს, რომელიც დღეს პარლამენტში „აგენტების შესახებ“ კანონპროექტის განხილვას ხელმძღვანელობდა, სტუდენტებმა ბოიკოტი გამოუცხადეს და მისი სალექციო კურსის გავლაზე უარი თქვეს.
"სტუდენტების ბოიკოტი რუსული კანონის მხარდამჭერ დეპუტატ ლექტორს!
დღეს, ჩვენს პარლამენტში, საგარეო ურთიერთობათა და უსაფრთხოების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განიხილებოდა კანონპროექტი, რომელიც პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, ეროვნულ ინტერესებს და ძირს უთხრის ქვეყნის ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს.
ამ შეხვედრას თავმჯდომარეობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი ნიკოლოზ სამხარაძე. კანონპროექტის თაობაზე მისი მხარდამჭერი პოზიციიდან გამომდინარე, ჩვენთვის მიუღებელია, დავესწროთ მის სალექციო კურსს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის შესახებ.
აქედან გამომდინარე, ჩვენ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების სტუდენტები, უარს ვამბობთ ბატონი ნიკოლოზ სამხარაძის სალექციო კურსის გავლაზე და ვუერთდებით ამავე მიმართულების კურსდამთავრებულების კრიტიკულ პოზიციას" | სტუდენტები რუსული კანონის წინააღმდეგ“, - წერია სტუდენტების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
წყარო: „მთავარი არხი“