თეგებით ძიება

ამ კანონს გამჭვირვალობის იდეასთან საერთო არაფერი აქვს - ნინო ლომჯარია

ყოფილმა სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა, რომ უმრავლესობამ მიიღო ანტიკონსტიტუციური გადაწყვეტილება და ეს არის საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის წინააღმდეგ წასვლა. ამის შესახებ ლომჯარიამ „ტვ პირველთან“ განაცხადა.

„ჩემი შეფასებით დღეს „ქართულმა ოცნებამ“ ხმის მისაცემად გამოიტანა კანონპროექტი ევროკავშირში ინტეგრაციაზე უარის თქმის თაობაზე. ეს იყო კანონპროექტი, რომლითაც რეალურად კენჭისყრაზე ეს საკითხი დადგა. 

უარი თქვა ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე და დღეს ამ კომიტეტების მოსმენაზე „ქართული ოცნების“ უმრავლესობამ მხარი დაუჭირა ევროინტეგრაციაზე უარს. ძალიან სწორი შეფასება გააკეთა პრეზიდენტმა, დიახ, ეს არის მოქმედი კონსტიტუციის დარღვევა. 

მათ მიიღეს ანტიკონსტიტუციური გადაწყვეტილება და ეს არის საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის წინააღმდეგ წასვლა. არაფერი ამ კანონს გამჭვირვალობის იდეასთან არ აქვს. ამ არგუმენტებს არავინ, არსად არ დაიჯერებს, იმიტომ რომ ეს არის კინო, რომელიც 10 წლის წინ აქვთ ნანახი რუსეთში და იმასაც არ ერიდებიან, რომ იგივე არგუმენტებით ისაუბრონ, როგორც საუბრობდა პუტინი“, - განაცხადა ლომჯარიამ.

ცნობისთვის, „ხალხის ძალის“ მიერ შეთავაზებული კანონით, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, შეიქმნება უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი, სადაც დარეგისტრირდება ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედიასაშუალება, რომელთა შემოსავლების 20 პროცენტზე მეტი ფინანსდება უცხოური ძალების მიერ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა